მთავარისაქართველო3 წელი 5 ივლისის მოვლენებიდან

3 წელი 5 ივლისის მოვლენებიდან

2021 წლის 5 ივლისიდან, დღიდან, რომელსაც „თბილისი პრაიდი“ ქვიარ თემისთვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ და ტრავმულ ეპიზოდად მიიჩნევს, უკვე სამი წელი გავიდა. სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის ქუჩებში შეკრებილმა ჯგუფებმა, რომლებიც „ღირსების მარშს“ ეწინააღმდეგებოდნენ, ქალაქის ცენტრში ათობით ადამიანს სცემეს, თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შემდეგ ათობით პირი დააკავა, თუმცა ხელისუფლებას აქციის ორგანიზატორები დღემდე არ დაუსჯია. ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე ამ 3 წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი რამდენიმე პირის წინააღმდეგ გამოიტანა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ყველა სავარაუდო დამნაშავე დღემდე არ გამოვლენილა. ამ მიზეზით შიდასახელმწიფოებრივ დონეზე დაზარალებულთა უფლებების არასათანადოდ დაცვის გამო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” მედიაორგანიზაციების წარმომადგენელთა სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

„დაუსჯელობა, რომელიც 2021 წლის შემდეგ არსებობს ქვეყანაში, იწვევს სხვა ძალადობრივ ქმედებებსაც. ეს გამოვლინდა 2023 წლის 8 ივლისსაც „ლისი ვანდერლენდის“ მიმდინარე ტერიტორიის დარბევისას. 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებულებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიებას ჩვენ არაეფექტიანად და არასრულყოფილად მივიჩნევდით, მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 16 ჟურნალისტის სახელით და გავასაჩივრეთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი მუხლები, როგორებიც არის წამების აკრძალვა, გამოხატვის თავისუფლება, ქმედითი მექანიზმის არარსებობა და დისკრიმინაციის აკრძალვა. გამოძიებას არაეფექტიანად მივიჩნევდით და მივიჩნევთ, რადგან ამ ძალადობრივი ქმედებების ყველა სავარაუდო მონაწილე არ დასჯილა. ასევე დღემდე არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა მათ მიმართ, ვინც ეს ძალადობრივი ქმედებები დააორგანიზა. სტრასბურგის სასამართლოში საქმე უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა გადასული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფომაც წარმოადგინა პოზიცია. ჩვენც წარვადგინეთ საპასუხო წერილობითი პოზიცია და დღეს უკვე გადაწყვეტილების მოლოდინის რეჟიმში ვართ“, – ამბობს სალომე წიკლაური, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საერთაშორისო სამართალწარმოების იურისტი.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” აღნიშნავენ იმასაც, რომ 5 ივლისის მოვლენების არასათანადო გამოძიება დამნაშავეებს მწვანე შუქს უნთებს და აფიქრებინებს, რომ ის, რაც 2021 წლის 5 ივლისს, შემდეგ კი, 2023 წლის 8 ივლისს მოხდა, შეიძლება კვლავ განმეორდეს: „ის, რომ ადამიანები, რომლებიც საჯარო წყაროებზე დაყრდნობით 2021 წლის 5 ივლისის ორგანიზატორებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, დღემდე არ არიან შესაფერისად დასჯილი და სამართლებრივი დევნა მათ მიმართ დღემდე არ არის დაწყებული, მათ ხელს უწყობს იმაში, რომ კვლავ განახორციელონ ის, რაც მაგალითად, 2023 წლის 8 ივლისს გააკეთეს. ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას მონიტორინგს უწევს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. მინისტრთა კომიტეტს საკუთარ გადაწყვეტილებაში არაერთხელ გაუსვამს ხაზი იმაზე, რომ 2021 წლის 5 ივლისის ორგანიზატორები და ის პირები, რომლებიც ჩართულები იყვნენ ძალადობრივ ქმედებებში, სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცნენ”.

2021 წლის 5 ივლისის სამი წლის თავს „თბილისი პრაიდი“ ასე გამოეხმაურა: „ამ წელს პოლიციამ კიდევ ერთხელ არ უზრუნველყო თემის წევრებისა და მხარდამჭერების უსაფრთხოება, კიდევ ერთხელ გაიმეტა თავისი მოქალაქეები ძალადობისა და სიცოცხლის საფრთხის რისკის წინაშე აღმოჩენისათვის.

სახელმწიფოს მიერ წახალისებულ ძალადობასა და პოლიტიკურ ჰომოფობიას ემსხვერპლა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომლის წინააღმდეგაც ბინძური კამპანიის წარმოებით სცადა ხელისუფლებამ 5 ივლისს ჩადენილი დანაშაულის ჩამორეცხვა.

ჩვენთვის 2021 წლამდეც, 2021 წელსაც და მას შემდეგაც, ყოველთვის ცხადი იყო, რომ ჩაგრულ ჯგუფებზე ძალადობა და მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა არასდროს ყოფილა ქართველი ხალხის ნება და ყოველთვის იყო სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მცირე ძალადობრივი ჯგუფების წახალისებითა და დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერებით ხორციელდებოდა“.

2021 წლის 5 ივლისი უფლებადამცველებმა ხელისუფლების მიერ საკუთარი უფლებამოსილებისა და ვალდებულების არ შესრულების მაგალითად მიიჩნიეს. მათ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პოპულისტური განცხადებებით ძალადობრივი ქმედებების წახალისებაში დასდეს ბრალი და კრიტიკულ ვითარებაში უმოქმედობით ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის შექმნაში დაადანაშაულეს. მაშინ ღარიბაშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას არათუ მოძალადე ჰომოფობიურ ჯგუფებსა და კონტრაქციის ორგანიზატორებს, არამედ ოპოზიციას, „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდს“ აკისრებდა.

თუ 2021 წელს მოძალადე ჯგუფები LGBT+ საზოგადოების საჯარო გამოსვლის აღსაკვეთად დაირაზმნენ, ორი წლის შემდეგ, 2023 წლის 8 ივლისს, ძალადობრივი გზებით „ლისი ვანდერლენდის“ ტერიტორიაზე ამ ჯგუფებმა უკვე დახურული ღონისძიება, ყოველწლიური ქვიარ ფესტივალი, დაარბიეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend