მთავარისაქართველოერთობის ჩამოყალიბებამდე ოპოზიციურ პარტიებში პოლიტიკური კონსულტაციები გრძელდება

ერთობის ჩამოყალიბებამდე ოპოზიციურ პარტიებში პოლიტიკური კონსულტაციები გრძელდება

8 ივლისი ის თარიღია, როდესაც ოპოზიციურ ფლანგზე რამდენიმე პარტია საზოგადოებას გაერთიანებების შესახებ დაზუსტებით აცნობებდა.

დათქმული თარიღის მიუხედავად, ოპოზიციურ პარტიებში ჯერ ისევ კონსულტაციები მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რომელი პარტია ვისთან ერთად იბრძოლებს მომავალ პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად და როგორ ფორმირდება მათი საარჩევნო სიები.

„ევროპული საქართველოს” ლიდერები ფიქრობენ, რომ ამ პარტიას დამოუკიდებლადაც შეუძლია საარჩევნო ბარიერის გადალახვა. თუმცა მაინც უფრო ერთობისკენ იხრებიან, ოღონდ არა „ნაციონალურ მოძრაობასთან”.

ყველაფერი ფაქტობრივად გარკვეული აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაში”. ყოფილი სახელისუფლებო პარტია „სტრატეგია აღმაშენებელსა” და შესაძლოა სხვა შედარებით პატარა პარტიასთან ერთობით გეგმავს 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას.

არჩევნებზე გასვლასა და საარჩევნო ბარიერის გადალახვას დამოუკიდებლად ფიქრობენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, პარტიაში „საქართველოსთვის”.

საარჩევნო პროცესებში ჩართვას აქტიურად აპირებს ახალდაფუძნებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“, თუმცა არა როგორც პარტია. მოძრაობის წევრები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავენ.

ოპოზიციურ პარტიებში მიმდინარე კონსულტაციებსა და აქტივობებს აკვირდება „ქართული ოცნება”. სახელისუფლებო გუნდში ღია კომენტარების დროს აცხადებენ, რომ ამ დროისათვის არსებული პოლიტიკური სურათიდან კონკურენტებს ვერ ხედავენ. მათივე თქმით, ყველა პარტია მაინც „ნაციონალური მოძრაობის” გარშემოა გაერთიანებული და სხვადასხვა ერთობისა და დროებითი კავშირების დამყარება მხოლოდ ფორმალური მირაჟია ამომრჩევლების დასაბნევად.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend