პოლიტიკურმა პარტიებმა „ნაციონალურმა მოძრაობამ” და „სტრატეგია აღმაშენებელმა” წარადგინეს ახალი პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის”.
პლატფორმის პრეზენტაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გახსნა და საზოგადოებას წარუდგინა პლატფორმის წევრები: გიორგი ვაშაძე, სოფო ჯაფარიძე, არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია, ლაშა ბაქრაძე, გია ჯაფარიძე, ზაზა ბიბილაშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი, ანა მოსაძე.
„6 ოქტომბრის არჩევნები ჩვენი ქვეყნის გადარჩენის შანსია. ეს არის შანსი, დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი. ეს არის შანსი იმ დაპირისპირებისა და დანაწევრების მორევიდან, რომელშიც ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობა მიგვათრევს. ამოვიდეთ წელში გამართული, ამაყი და სწორედ ამაყი საქართველო შევიდეს ევროკავშირში”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ პლატფორმის წარდგენისას.
სიტყვით გამოვიდნენ პლატფორმის სხვა წარმომადგენლებიც.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქვეყანა არის გზაგასაყარზე და დგას ამ საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე. ამიტომ, ვინც აქ არის, ესმის, რომ ჩვენ დავძლევთ ამ დიდ ამოცანას მხოლოდ დიდი ერთობით”, – განაცხადა პლატფორმის წარდგენისას ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ.
ახალი გაერთიანება საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ნომრით 5 წარდგება.