მთავარიმსოფლიოNATOვაშინგტონში ნატოს სამიტი იწყება

ვაშინგტონში ნატოს სამიტი იწყება

9-11 ივლისის სამიტზე, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი დასავლელი კოლეგები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 75 წლის იუბილეს აღნიშნავენ. თუმცა ექსპერტების თანახმად, ეს არ იქნება საზეიმო შეკრება. ეს იქნება სერიოზული სამიტი, მსოფლიოში არსებული სერიოზული გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენის თანახმად, სამიტზე განიხილავენ უკრაინის ნატოში გაწევრების „ხიდის” შეთავაზების გზებს. დღის წესრიგში ასევე გათვალისწინებულია თავდაცვის ბიუჯეტის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონთან პარტნიორობის და ალიანსის ერთიანობის საკითხები.

მოახლოებულ სამიტზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგში მთავარი კვლავ უკრაინის დახმარებაა.

,,ამ სამიტს გაუძღვებიან ლიდერები, რომლებიც ტრანსატლანტიკური ხედვით ხელმძღვანელობენ. საკითხავია, გადადგამენ თუ არა აუცილებელ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ალიანსის სანდოობა და თავდაცვა ისეთივე მტკიცე იყოს მომდევნო 75 წლის განმავლობაში, როგორც ეს გავლილი 75 წელი იყო. საკვანძო საკითხია, თუ რას გააკეთებს და რას არ გააკეთებს ალიანსი უკრაინის დასახმარებლად იმისათვის, რომ უკრაინამ საბოლოოდ დაამარცხოს რუსული აგრესია – სწრაფად და საკუთარი პირობების საფუძველზე, კიევის პირობების საფუძველზე“, – ამბობს იან ბჟეზინსკი, ევროპისა და ნატოს პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე

ვადამდელი არჩევნები და ულტრამემარჯვენე ძალებისადმი მზარდი მხარდაჭერა – სამიტის მოახლოებასთან ერთად, ნატოს საკვანძო მოკავშირეები, მათ შორის საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო პოლიტიკურ დესტაბილიზაციას განიცდიან. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ გამოწვევებზე, რომლებთან გამკლავებაც უწევს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო დებატებში რესპუბლიკელ დონალდ ტრამპთან დამარცხდა.

დონალდ ტრამპი სიტყვით გამოდის ნატოს სამიტზე, ინგლისი, 4 დეკემბერი, 2019 წელი Copyright AP Photo/Evan Vucci

„ამ სამიტზე ბევრი გაურკვევლობაა. ეს არ ეხება მხოლოდ საფრანგეთს. სამიტს ჯო ბაიდენი მასპინძლობს, მას კი საკმაოდ რთული საღამო ჰქონდა საპრეზიდენტო დებატებზე. იგი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და ისმის მოწოდებები მისი კანდიდატურის შეცვლის შესახებ. იგი სამიტზე საკუთარი ლიდერობის დემონსტრირებას შეეცდება, მაგრამ დებატების შედეგებით ნამდვილად დასუსტებულია.

პრეზიდენტი მაკრონიც ძალიან დასუსტებული შემოუერთდება სამიტს. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ვიხილეთ „ეროვნული გაერთიანების“ შედეგები, ვიხილეთ ნატოს მიმართ სკეპტიკურად და რუსეთთან ურთიერთობის მიმართ პოზიტიურად განწყობილი პარტიის ძალა. არჩევნები იყო გაერთიანებულ სამეფოშიც, სადაც ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩიეს. ასე რომ, საკვანძო მოკავშირეები, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და აშშ, ასევე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც, საკმაოდ დასუსტებულები არიან. ეს ალიანსისთვის პოლიტიკურ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ორგანიზაციის სიძლიერე სწორედ ამ საკვანძო წევრებზეა დამოკიდებული“, – ამბობს ჯეიმს გოლდგაიერი, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი.

თეთრ სახლში ტრამპის შესაძლო დაბრუნება ნატოს წევრ ქვეყნებში შეშფოთებას იწვევს. შიშობენ, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვებამ, რომელიც ხშირად აკრიტიკებს ნატოსა და ვლადიმერ პუტინის მიმართ აღფრთოვანებას გამოხატავს, შესაძლოა, ალიანსის ამჟამინდელი პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვალოს.

ექსპერტების თანახმად, ნატოს სამომავლო წარმატება დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ალიანსი უკრაინის ეფექტურ მხარდაჭერას.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend