კვლევები აჩენებს, რომ საჰარის უდაბნოს მტვერს შეუძლია დიდი დარტყმა მიაყენოს მზის ელექტროენერგიის წარმოების სექტორს. ისმის კითხვა, მაინც რა შეიძლება გაკეთდეს? „ევრონიუსის“ გადაცემის „კლიმატი ახლა“ გუნდი ანდალუზაიში ჩავიდა, რათა საკუთარი თვალით ენახა, თუ რა პრობლემებს ქმნის საჰარის მტვერი მზის ელექტროსადგურებზე და როგორ ებრძვიან ამ პრობლემას.
ივნისის თვის გადაცემაში „კლიმატი ახლა“ ესპანეთის სამხრეთიდან მოგიყვებით, თუ რა ზიანს აყენებს საჰარის მტვერი ამ ქვეყანაში მზის ელექტროენერგიის წარმოების ინდუსტრიას.
რაც შეეხება კლიმატის ცვლილების მონიტორინგის თანამგზავრული სისტემის Copernicus -ის (Copernicus Climate Change Service] ბოლო მონაცემებს, ირკვევა რომ უკვე მეთორმეტე თვეა ზედიზედ მაღალი ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი ვლინდება.
2024 წლის მაისი ყველაზე თბილი მაისი გამოდგა რაც კი აღნუსხულა. გლობალურ დონეზე გასულ თვეში ჰაერის ტემპერატურა 0.6 გრადუს ცელსიუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს.
2024 წლის მაისში ექსტრემალური ამინდი მრავალ ადგილას იყო. სამხრეთ ბრაზილიაში მასშტაბური წყალდიდობის გამო ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. ინდოეთის დელის რეგიონში სიცხემ 49.9 გრადუსს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ამ ადგილზე. ფინეთში კი სითბურ ტალღასთან დაკავშირებით გავრცელდა განგაშის სიგნალი, რომ ტემპერატურა 27 გრადუსზე მაღალა ავიდოდა.
ნალექების ანომალიის რუკა აჩვენებს, რომ მაისის თვე საშუალოზე მშრალი გამოდგა აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ ესპანეთსა და პორტუგალიაში, ხოლო ირლანდიიდან მოყოლებული იტალიის ჩათვლით ზოლში – საშუალოზე ნალექიანი. კოკისპირული წვიმების გამო დაიტბორა სამხრეთ-დასავლეთი გერმანია, ბელგია და ჩრდილოეთი იტალია.
საჰარის მტვრით გამოწვეული დიდი დანაკარგები მზის ენერგოინდუსტრიაში ე.წ. საჰარის მტვერს ევროპაში ძირითადად იმით იცნობენ, რომ ცა ნარინჯისფერი ხდება, ჰაერის ხარისხი ეცემა და მისი გაფანტვის შემდეგ სახურავებსა და მანქანებზე მტვრის თხელი ფენა რჩება. თუმცა მას გაცილებით სერიოზული პრობლემის გამოწვევაც შეუძლია მზის ელექტროენერგიის ინდუსტრიაში, რადგან მზის ბატარეებს აჭუჭყიანებს.
ანდალუზიის ხაენის უნივერსიტეტში შევხვდით მკვლევარ ედუარდო ფერნანდესს, რომელიც არის ავტორი კვლევისა, რომლის მიხედვითაც 2022 წელს საჰარის მტვრის შტორმის გამო მზის ელექტროენერგიის წარმოება 80 %-ით შემცირდა.
„მარსის ატმოსფეროს ჰგავდა გარემო, რადგან ყველაფერი გაწითლდა“, – უთხრა მან „ევრონიუსს“ 2022 წლის მარტთან დაკავშირებით.
2022 წლის მტვრის ქარიშხალი ყველაზე ექსტრემალური გამოდგა, თუმცა მტვრის მცირე მოცულობასაც კი შეუძლია შეაფერხოს მზის სინათლე და პანელების ბატარეამდე ვეღარ მიაღწიოს. ამიტომ ახლა აქ სხვადასხვა სისტემას ადარებენ ერთმანეთს, რათა ნახონ, თუ როგორია მათი წარმადობა. აქ უმცირეს დეტალსაც კი მნიშვნელობა აქვს, განმარტავს პროფესორი ელექტრონიკის საკითხებში ფლორენცია ალმონასიდი:
„ამ მოდულებს ჩარჩო არ აქვთ, ამიტომ ზედ მტვერი ვეღარ გროვდება, რასაც სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია“.
ლაბორატორიაში მკვლევართა გუნდი იკვლევს, თუ რომელია მტვრის მიმართ ყველაზე გამძლე საღებავი, რომლითაც მზის ბატარეა იფარება. თან ცდებს ატარებენ, თუ რამდენად არის დამოკიდებული მტვრის დაგროვება თბილსა და ცივ, მშრალ და ნესტიან ამინდზე. მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ საჰარის მტვერი განსაკუთრებულად პრობლემურია.
„საჰარის მტვრის ნაწილაკები ძალიან წმინდაა. ამიტომ მისი გადაწმენდა ყველაზე რთულია“, – განმარტავს ფლორენცია.
კომერციული მზის ელექტროსადგურების რეცხვა ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ მათი ოპერატორები წმენდის პროცედურებს ამინდის პროგნოზის მიხედვით გეგმავენ, რათა გაითვალისწინონ მტვრის ქარიშხლები და წვიმები. ხუან ფერნანდესი ხელმძღვანელობს წმენდის ოპერაციას განახლებადი ენერგიის კომპანია Sonnedix-ში.
ხუან ფერნანდესი, კომპანია SONNEDIX-ის ოპერაციების უფროსი:
„პროგნოზი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენთვის არა მხოლოდ ტალახისგან დაცვის მიზნით, არამედ იმიტომაც, რომ გენერაციის, ელექტროგადამცემი ხაზების ქსელისა და საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნის მართვა რომ შევძლოთ“.
მზის ენერგიის მოცულობა ევროპაში სწრაფად იზრდება, შესაბამისად, მათი დამტვერიანების საკითხი უფრო მწვავედ დგას.
„საჰარის მტვრის ძლიერ მოვლენას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ქსელის წარმადობა,“ – განმარტავს ხუან ფერნანდესი. „ ეს ქსელის ოპერატორისთვის სერიოზულ პრობლემად შეიძლება იქცეს. ამიტომ წინასწარ პროგნოზის ცოდნა ნამდვილად მთავარი ფაქტორია, რათა შეძლო ამ ყველაფრის დროულად მართვა“.
საჰარის მტვერი და კლიმატის ცვლილება
ბოლო დროს საჰარის მტვრის შტორმის მოხშირება შესაძლოა ატმოსფერულ ცვლილებებს უკავშირდებოდეს. რამდენად შესაძლებელია, რომ ამას კავშირი კლიმატის ცვლილებასთანაც ჰქონდეს? მტვრის ექსპერტი ედუარდო ფერნანდესი ფიქრობს, რომ ეს დასაშვებია.
ედუარდო ფერნანდესი, AdPVTech Group-ის ხელმძღვანელი, ხაენის უნივერსიტეტი:
„ჩვენ სულ უფრო ხშირად ვხედავთ საჰარის მტვრის შტორმს, რომელიც სულ უფრო შორს მიიწევს ჩრდილოეთ ევროპის სიღრმეში. ამიტომ ეჭვი გვაქვს, რომ ამას გლობალური დათბობა იწვევს“.
ავტორი: ჯერემი ვილქსი