თეირანში 19 ივნისს გაიმართა ირანის საპრეზიდენტო კანდიდატის, მასუდ პეზეშკიანის ყველაზე დიდი შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.
პარლამენტის მოქმედ წევრს, პეზეშკიანს მხარს უჭერენ ირანის რეფორმისტულად და ცენტრისტულად განწყობილი ჯგუფები. მის მხარეს არის ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი.
ჯავად ზარიფი 2013 წლიდან 2021 წლამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და 2015 წელს დასავლეთთან სწორედ ის უძღვებოდა ისტორიულ ბირთვულ მოლაპარაკებებს. ეს მოლაპარაკებები 2018 წელს აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დატოვა.
პეზეშკიანის თანამშრომლობა ზარიფთან არის ერთგვარი სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ირანის საგარეო პოლიტიკა.

პეზეშკიანი ასევე ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზეც საუბრობს.
ირანის საპრეზიდენტო კანდიდატს სურს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების მოხსნის მიზნით, დასავლეთთან მოლაპარაკებების განახლდება.
ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ზარიფი, პეზეშკიანს შეუერთდა ისპაჰანში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, სადაც მათ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. მათ ამომრჩევლებს მოუწოდეს, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში.
„თუ თქვენ, ირანელი ქალები, გოგონები და სხვები, რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს, გადაწყვეტთ ხმის მიცემას, თქვენ შეგიძლიათ წინააღმდეგობა გაუწიოთ ვიწრო და ტოტალიტარული შეხედულებების მქონე კანდიდატებს“ – ასე მიმართა საპრეზიდენტო კანდიდატმა ამომრჩევლებს ისპაჰანში.
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს არის დანიშნული. პეზეშკიანს 5 კონკურენტი ეყოლება, ხუთივე კონსერვატორი. ირანის კონსერვატიული ფლანგი შიშობს, რომ რეფორმისტმა პეზეშკიანმა შესაძლოა მიიღოს საკმარისი ხმები მეორე ტურში გადასასვლელად.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არჩევნების დღემდე 5 კონსერვატორი კანდიდატიდან მინიმუმ ორმა შესაძლოა კანდიდატურა მოხსნას.