მთავარიგადაცემებიპრიზმამხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცების შვილებს ‌

მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცების შვილებს ‌

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცების შვილები ახლა მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის ემზადებიან. მათ საქართველოს ისტორიის მთავარ ეპიზოდებზე უნდა ისაუბრონ. დიდ გამარჯვებებზე, ზოგჯერ მარცხზეც… უნდა ისაუბრონ რუსეთის ომზე საქართველოში, გმირებზე, თავისუფლებაზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე… სცენარი უკვე მზად არის, ოღონდ ინგლისურ ენაზე. ინგლისურ ენაზე იმიტომ, რომ სწორედ ამ დღეს მთავრდება რამდენიმეთვიანი ენის შემსწავლელი კურსი და შედეგები პედაგოგებსა თუ სტუმრებთან ერთად უნდა გამოვლინდეს. უკვე მეორე წელია, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან” თანამშრომლობს დიდი ბრიტანეთის საელჩო, რათა დიპლომატიურმა უწყებამ ამ ფონდის ბენეფიციართა შვილებს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი დაუფინანსოს.

„ინგლისურის კურსები დავიწყეთ სექტემბრიდან. ძალიან კარგად გავაუმჯობესე როგორც ლექსიკა, ასევე აქცენტი. ახლა ბევრად კარგად ვსაუბრობ ინგლისურად. მთელი კვირის განმავლობაში მიწევდა ინგლისურად საუბარი ჩვენს პედაგოგთან და ამის გამო ინგლისური ფაქტობრივად ჩემი მეორე ენა გახდა“, – ამბობს პროექტს მონაწილე მარიამ ბეგდარაშვილი.

იმ მებრძოლების შვილები, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გაწირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში იბრძოდნენ და ბევრი მათგანი სახლში უმძიმესი ტრავმით დაბრუნდა, სცენიდან სტუმრებს სიამაყით უყვებიან საკუთარ მამებზე, მათ საამაყო მისიებზე. მღერიან, ცეკვავენ და საპატიო სტუმრებს გმირი მამების სამხედრო ჯილდოებსა და მედლებს აჩვენებენ, რომლებიც საგანგებოდ ამ დღისთვის მოიტანეს. ქართველი ჯარისკაცების შვილების ღონისძიებას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშეც ესწრება.

„ძალიან ბედნიერები ვართ, მართლაც, ფანტასტიკური პერფორმანსის ნახვით, რომელიც ბავშვებმა მოამზადეს. ამ პროექტის ფარგლებში უკვე რამდენიმე წელია ისინი ინგლისურს სწავლობენ. ეს მათთვის სპეციალური კურსია და ჩვენ ძალიან, ძალიან ამაყები ვართ, ამ ყველაფრის მხარდაჭერისთვის. დღევანდელი პრეზენტაციის ბოლოს, ბავშვებმა ისაუბრეს, თუ რა მისიები ჰქონდათ მათი მშობლებს თავდაცვის ძალებში. ისინი ამაყობენ იმ მედლებით, რომლებიც მათმა მშობლებმა დაიმსახურეს. ერთ-ერთს აქ სპეციალური ქუდიც კი ჰქონდა და ჰყვებოდა საკუთარი მამის შესახებ. ეს ყველაფერი ძალიან ემოციური იყო და მე ძალიან ვამაყობ მათით. ოჯახებისთვის, ცოლებისთვის, შვილებისთვის, ძალიან რთულია, როცა ჯარისკაცი მისიაში მიდის. ოჯახებმა იციან, რომ მათ უნდა იბრძოლონ და, რა თქმა უნდა, შესაძლოა ზოგჯერ ისინი დაშავდნენ, ან საერთოდაც ვეღარ დაბრუნდნენ. ჯარისკაცები ზოგჯერ მძიმე დაზიანებებით ბრუნდებიან ოჯახებში, მათ ოჯახებს კი მხარდაჭერა სჭირდებათ. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ“, – თქვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ სტივ ქვანტრილმა.

საქართველოს ჯარში მომსახურე ყველა დროის დაჭრილი მეომრისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად კომპანია „სილქნეტმა“ 2018 წელს დააარსა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი”. ამ ფონდის მიზანი მებრძოლების დახმარებაა, მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების გაწევისა თუ საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის კუთხით. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” დაარსების დღიდან თანამშრომლობს ამერიკელ და ბრიტანელ პარტნიორებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და უცხოურ საქველმოქმედო ფონდებთან.

„დიდი ბრიტანეთის ელჩმა ორი წლის წინ გამოხატა სურვილი, რომ შეექმნა ბრიტანეთის საელჩოს ინგლისურის სწავლების კურსები და, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ. ასეთი დახმარების ფორმატით, ვეტერანების შვილებისათვის და დაჭრილი მეომრების შვილებისათვის მიეცათ ინგლისური ენის შესწავლის საშუალება, რისთვისაც კიდევ ერთხელ ჩემი სახელით, გიორგი რამიშვილის სახელით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბრიტანეთის ელჩს, ბატონ მარკ კლეიტონს და ასევე სამხედრო ატაშეს, სტივ ქუანთრილს. იგრძნობოდა ამ ადამიანების დამოკიდებულება. წინა წელს სამხედრო ატაშეებმა ჩაატარეს საქველმოქმედო მარათონი, სადაც შემოსული თანხები მთლიანად გადმორიცხეს ფონდის ანგარიშზე. ამ ბავშვებისთვის მებრძოლებზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მსგავსი დახმარებები და დამოკიდებულების გამოხატვა, როდესაც ბავშვი ხვდება, რომ მამამისი არის გმირი“, – განაცხადა „სილქნეტისა“ და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა.

ეს დღე, მართლაც, განსაკუთრებული იყო ყველასთვის… ინგლისური ენის მორიგი კურსი კი კვლავ წარმატებით დასრულდა…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend