მთავარისაქართველოMEGOBARI ACT-ის წაკითხვა საქართველოში

MEGOBARI ACT-ის წაკითხვა საქართველოში

„მოღალატეები და დამბეზღებლები“ – ასეთი შეფასება ისმის სხვადასხვა თანამდებობის პირისგან იმ ქართველი მომხსენებლების მიმართ, რომლებმაც აშშ-ის კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, საქართველოს შესახებ მოსმენაზე ისაუბრეს.

საქართველოში არსებულ ბოლოდროინდელ ვითარებაზე მომხსენებლების კრიტიკული საუბარი მიუღებელი აღმოჩნდა „ქართული ოცნების” წარმომადგენლებისთვის. მმართველი პარტიის ლიდერებმა ძირითადად ქართველი მომხსენებლები გააკრიტიკეს. სხდომის ამერიკელი მომხსენებლებისა და იმ პოზიციის მიმართ, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ წევრებისთვის სავარაუდოდ სავიზო და ფინანსური სანქციები მზადდება, ამჯერად, არაფერს ამბობენ. ზოგადად სანქციებზე, მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ გუნდს დასასანქცირებელი არაფერი გაუკეთებია.

„გუშინ რაც ვიხილეთ ჩვენ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი პირდაპირ ვიტყოდი ამას. გუშინ ვანო და ნატალია, სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, ეს იყო ჩვეულებრივი ბოლშევიკური ღალატი, ამას სხვა სახელი უბრალოდ არ შეიძლება დაერქვას. რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა. კანონთან დაკავშირებით ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს. მე შევთავაზე ყველას საჯარო დისკუსია, ყველა გაექცა მას. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სინამდვილეში არგუმენტები არ არსებობს. გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, რევოლუციის პრევენციას არ აქვს ალტერნატივა, რევოლუციის პრევენციას საქართველოში არ აქვს ალტერნატივა, არეულობის პრევენციას არ აქვს ალტერნატივა და მეორე ფრონტის პრევენციას არ აქვს ალტერნატივა. ამ ყველაფერს ემსახურება კანონი გამჭვირვალობის შესახებ. რაც შეეხება სანქციებს, სანქციების უნდა ეშინოდეს მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის ჩემი პირდაპირი გზავნილი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტები ოპოზიციიდან მიესალმებიან კონგრესში გამართული მოსმენის შინაარსს და ამბობენ, რომ ქართველმა მომხსენებლებმა, ისევე როგორც ამერიკელმა წარმომადგენლებმა, ზუსტად აღწერეს საქართველოში არსებული რთული პოლიტიკური ვითარება და მათი თქმით, რეპრესიები, რომლებიც დაანონსებული აქვს „ქართულ ოცნებას“. ასევე ინდივიდუალური სანქციების დაწესება ხელისუფლებაში მყოფი პირების მიმართ ოპოზიციის წარმომადგენლების დიდ ნაწილს მიზანშეწონილად მიაჩნია.

„ჰელსინკის კომისიაში გუშინდელმა განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახით საქართველოს სანდო, ძლიერი და ერთგული მეგობარი პარტნიორი ქვეყანა ჰყავს. ორპარტიული გზავნილები იყო გაჟღერებული, კერძოდ, რომ ივანიშვილის ავტორიტარულ რეჟიმსა და დიქტატურის დამყარებას საქართველოში არავინ შეეგუება. „რუსული კანონის” არსებობა და ივანიშვილის მცდელობა, რომ ძალადობრივად დარჩეს ხელისუფლებაში, შეუთავსებელია საქართველოს ევროინტეგრაციასა და ასევე ნატოში ინტეგრაციასთან.

მკაფიოდ თქვეს, რომ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც „რუსული კანონის” ინიციირებაშია შემჩნეული, ვინც მხარი დაუჭირა, ვინც ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუციებს და აძლიერებს ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმს, მკაცრი ზომები იქნება გატარებული. ქართველი ხალხისა და სამოქალაქო სექტორის დახმარება გაგრძელდება.

ამის პარალელურად მნიშვნელოვანია, ქვეყნის შიგნით შევინარჩუნოთ ერთიანობა და მუხტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ, მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა ვაჩვენეთ ბოლო ორი თვის განმავლობაში. ივანიშვილის მიზანი ამ დიდი მუხტის დაქუცმაცება და გათითოკაცებაა, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ. ერთიანობითა და ერთმანეთთან გვერდით დგომით და ამერიკიდან და ევროპიდან მხარდაჭერით მოვემზადოთ ოქტომბრის არჩევნებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია გვერდში დავუდგეთ იმ აქტივისტებს, რომელთა დაჩაგვრასაც აპირებს ივანიშვილი დაჭერისა და დაშინების სახით“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ.

23 მაისს შეერთებული შტატების კონგრესში შევიდა სანქციების ორპარტიული პაკეტი. მასში საუბარია ხელისუფლების იმ პირთა სანქცირებაზე, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სადავო კანონს, დააბრკოლეს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ჩართულნი არიან კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში. სანქცირების საკითხი კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა და თქვა, რომ ამერიკა უყოყმანო იქნება სანქციების დაწესებაში.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend