„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ შეცვალა პოლიტიკა ამერიკული იარაღის უკრაინაში გამოყენებასთან დაკავშირებით. ანალიტიკური პორტალის ცნობით, ახლა უკრაინას შეუძლია გამოიყენოს შორი მოქმედების სარაკეტო სისტემები, მათ შორის „ატაკამსები“ ხარკივის ოლქის სიახლოვეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების გასანადგურებლად. ამერიკული გამოცემა „პოლიტიკოც“ წერს, რომ უკრაინას ნება დართეს, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსული ჯარის მიმართ, რომელიც ხარკივთან ახლოს, რუსეთის საზღვარზე, მოგროვდა. თუმცა იქვე დასძენს, რომ გადაწყვეტილებას არ ასაჯაროებენ. განსხვავებულია ოფიციალური განცხადებები… პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა უცვლელია.
NEW: US President Joe Biden reportedly approved a policy change that will permit Ukraine to use US-provided weapons, including GMLRS rockets — but not longer-range ATACMS missiles — to strike within Russian territory near the border with Kharkiv Oblast.
🧵(1/6) pic.twitter.com/IEZi4wFCzy— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) May 31, 2024
„ჩვენს პოლიტიკაში ცვლილება არ მომხდარა. უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი დახმარება, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვაძლევთ, ქვეყნის შიგნით უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენ რუსეთის ტერიტორიაზე იერიშებს არ ვახალისებთ. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინას იერიში მიაქვს არა რუსეთის სიღრმეში გეოპოლიტიკურ სამიზნეებზე, არამედ ტაქტიკურ და ოპერატიულ ობიექტებზე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის საზღვრებში კონფლიქტის მიმდინარეობაზე. ყოველთვის ვამბობდით, რომ დახმარებას, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვაძლევთ, ქვეყნის შიგნით გამოიყენებენ. თუ რამე შეიცვლება, რა თქმა უნდა, გასაჯაროვდება“, – აღნიშნავს საბრინა სინგხი, პენტაგონის პრესმდივნის მოადგილე.
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, რუსეთს ხარკივის ოლქის ფრონტზე სხვა ადგილებიდანაც გადაჰყავს სამხედრო შენაერთები, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩრდილოეთის ახლად გახსნილი ფრონტი კვლავ კრემლის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად კვლავ საჰაერო თავდაცვა რჩება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე კრასნოდარის მხარეში. როგორც უკრაინის სამხედრო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დაზიანდა საბორნე გადასასვლელი და პორტ „კავკაზის“ ნავთობტერმინალი.
„ამ შეტევას წინ უძღოდა იერიშები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე, კერძოდ, ქერჩის საბორნე გადასასვლელებზე, რომლებიც სამხედრო ლოგისტიკური მიზნებისთვის გამოიყენებოდა. ამ საბორნე გადასასვლელს მოსკოვი თანამედროვე რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებით იცავდა, თუმცა დასავლურმა შეიარაღებამ წარმატებით გაარღვია ოკუპანტების თავდაცვის სისტემა. კრასნოდარის მხარეში კი ნავთობტერმინალი „ნეპტუნის“ ტიპის სარაკეტო სისტემებით დაზიანდა. ჩვენ კვლავ ვანადგურებთ მტერს, მის აღჭურვილობასა და სამხედრო ინფრასტრუქტურას“, – აღნიშნულია უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებებში.
საბრძოლო მოქმედებები აქტიურ ფაზაშია აღმოსავლეთ ფლანგზეც. ბახმუტის ჩრდილოეთით დასახლება ჩასივ-იარის ფრონტზე რუსმა ოკუპანტებმა მცირედით წაიწიეს წინ. რუსეთის მიერ ხარკივზე პარასკევს დილით განხორციელებული იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს და მისი ზედა სართულები ჩამოანგრია.