პოლონეთმა წარადგინა მასშტაბური გეგმა სამხედრო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ნატოსთან ერთად ქვეყანა გეგმავს, გააძლიეროს დრონების საწინააღმდეგო სისტემები და საშუალებები, ასევე სახმელეთო ფორტიფიკაციები და შესაბამისი ბარიერები.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში ამბობს, რომ არც ერთ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ არ დაიცავენ სამშობლოს თითოეულ სანტიმეტრს. ისინი ამისთვის მზად არიან. მისი თქმით, პოლონეთი ნატოს შეკავებისა და თავდაცვის სტრატეგიას სრული სკრუპულოზობით განახორციელებს.
რეგულაციების ეს პაკეტი, რომელსაც „აღმოსავლეთის ფარი“ ეწოდება, გავრცელდება რუსეთთან და ბელარუსთან არსებულ 700-კილომეტრიან საზღვარზე და ის სრულად, სავარაუდოდ, 2028 წლისთვის ამოქმედდება.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ 1945 წლის შემდეგ ეს ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის ყველაზე მასშტაბური გაძლიერება იქნება.
მთლიანად სისტემის სავარაუდო ღირებულება ორ მილიარდ ევროს შეადგენს და ის ბალტიისპირეთის ქვეყნების: ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის რეგიონული თავდაცვის ინფრასტრუქტურის ნაწილია.
პოლონეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ამიტომ ის ხშირად მოსკოვისა და მინსკის სამიზნეა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რუსეთი პოლონეთში მიმართავს კიბერთავდასხმებს, მიზანმიმართულად აჩენს ხანძრებს და უზრუნველყოფს მიგრანტების მობილიზებას მათი საზღვრებისკენ. ეს კი, მათი აზრით, ევროკავშირის დესტაბილიზაციის მცდელობაა.