ბრიუსელში ევროკავშირის წევრი და ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე სხვადასხვა ქვეყნისა თუ ევრობლოკის წარმომადგენელი განცხადებებს აკეთებდა რუსეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. რუსეთში არსებული ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი მინისტერიალის ერთ-ერთი წამყვანი თემაა. ვითარება კიდევ უფრო გაამძაფრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილმა. ევროპელი პოლიტიკოსები რუსეთის პრეზიდენტსა და მმართველ ელიტას დამნაშავეებს უწოდებენ და ამბობენ, რომ უკრაინის დახმარება კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, რათა ამ ტირანიასა და ბოროტებას, რაც მათი თქმით რუსეთშია, ბოლო მოეღოს.
Ukrainian Minister of Foreign Affairs @DmytroKuleba just addressed 🇪🇺 ministers.
The #FAC discussion on the Russian aggression against Ukraine has now started. pic.twitter.com/4gdGCDCo7d— Daniela Lenzu (@daniela_lenzu) February 19, 2024
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილში მთავარი დამნაშავე პუტინია.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და ასევე რუსი ხალხის მიმართ მხარდაჭერა, რომელსაც თავისუფლებაში ცხოვრება სურს. ნავალნის მიმართ პატივისცემის გამოსახატად და მისი ხსოვნის პატივსაცემად შევთავაზებთ მინისტრებს, ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული სასანქციო რეჟიმი მისი სახელობის გავხადოთ და ვუწოდოთ ნავალნის სახელობის ადამიანის უფლებათა სასანქციო რეჟიმი, რათა მისი სახელი სამუდამოდ ჩაიწეროს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის საქმიანობაში.
წევრი სახელმწიფოები აუცილებლად წარადგენენ სანქციებს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. დიდი პასუხისმგებელი თავად პუტინია. შეგვიძლია, რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემის ინსტიტუციურ სტრუქტურამდე ჩავიდეთ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, ვინ არის ნამდვილი პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე”, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირი გააკრიტიკა უკრაინის მხარდაჭერის შეფერხების საკითხში და თქვა, რომ თუ დროულად არ იქნება ჩამოყალიბებული გეგმა, მომავალში კარგი ამბები არ მოხდება.
„ვფიქრობ, უნდა ვაღიაროთ, რომ კარგი არაფერია იმ სიტუაციაში, რომელშიც ევროპა იმყოფება. ამას თუ არ ვაღიარებთ, უკეთესობა არ იქნება. უარეს ვითარებაში აღმოვჩნდებით. პირველ რიგში, მე ცხადია, ვსაუბრობ უკრაინის მხარდაჭერაზე. ორი წელი მთელმა ევროპამ იმაზე მსჯელობაში გავატარეთ, როგორ დავეხმაროთ, ან დავეხმაროთ თუ არა უკრაინას. ამ დრომდე სამწუხაროდ, ვერანაირი სტრატეგია ვერ ჩამოვაყალიბეთ. არადა, გამარჯვებისკენ სწრაფვა საერთო მიზანია. თუ არ გამოვფხიზლდებით და რეალობას თვალს არ გავუსწორებთ, ბრძოლის ველი გაფართოვდება და ჩვენც მოგვიახლოვდება. სასწრაფოდ კრეატიული გეგმა გვჭირდება“, – აცხადებს ლანდსბერგისი.