მთავარიევროპაიტალია„თქვენი გადაჭარბებული ბიუროკრატია გვკლავს“- იტალიაში ფერმერების პროტესტი გრძელდება

„თქვენი გადაჭარბებული ბიუროკრატია გვკლავს“- იტალიაში ფერმერების პროტესტი გრძელდება

იტალიაში საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობს ფერმერი მანუელე კალცონიც, რომელსაც 30-ამდე ძროხა ჰყავს. როგორც თავად ამბობს, ფერმერებს მცირე შემოსავალი და დიდი ხარჯები აქვთ. მანუელეს მომავლის იმედი აღარ აქვს.

მანუელე კალცონი ფერმერების აქციას თავისი ტრაქტორით რომიდან 5 კილომეტრის მოშორებით შეუერთდა. კალცონი ამბობს, რომ ის მთავრობის წინააღმდეგ გამოდის აქციაზე, რადგან მიაჩნია, რომ ხელისუფლება მცირე ფერმერებს სათანადოდ არ ეხმარება.

„აქამდე ხელისუფლება არ დაგვხმარებია. თანხები უნდა გამოეყოთ, თუმცა ჩვენამდე არაფერი მოსულა. თანხა დიდ საერთაშორისო ფერმებსა და ბიზნესებს მოხმარდება. მცირე ფერმერებზე არავინ ზრუნავს“, – ამბობს მანუელ კალცონი.

აქციაზე მივიდა მაურიციო ლავოსი. მას ტრაქტორზე კუბო აქვს დამაგრებული, წარწერით, „თქვენი გადაჭარბებული ბიუროკრატია გვკლავს“.

„კუბო ყველა იტალიელი ფერმერის სიმბოლოს წარმოადგენს. ჩვენი საქმეები ნელა მიდის. ჩვენც, მცირე ფერმერები, ნელ-ნელა მივიწევთ სიკვდილისკენ. ეს დაუსრულებელი ბიუროკრატია გვღუპავს. დიდ სასოფლო-სამეურნეო კომპანიებს შეუძლიათ თავის დაცვა, მაგრამ ჩვენნაირი მცირე ფერმერები დაიღუპებიან“, – ამბობს მაურიციო ლავოსი.

ფერმერების საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. მთავარ საავტომობილო გზის გასასვლელებთან შეკრებილი ფერმერები ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკას, საწვავის გადაჭარბებულ ფასებსა და ხარჯების ზრდას აპროტესტებენ.

იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯია მელონის მიაჩნია, რომ იტალიელი ფერმერების ფინანსური კრიზისის მიზეზი ევროკავშირის  სოფლის მეურნეობისა და კლიმატის პოლიტიკაა.

პრემიერის განცხადებით, მთავრობამ ფერმერების დასახმარებლად გარკვეული სახსრები შეაგროვა. ამასთანავე, აღნიშნა, რომ ამ ფინანსური მხარდაჭერის დიდ ნაწილს სწორედ ევროკავშირისგან მიიღებდა.

მელონის მთავრობამ სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებისთვის  საწვავზე ფასები უკვე შეამცირა. თუმცა, ფერმერები გრძელვადიან საგადასახადო შეღავათებს ითხოვენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend