ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და მილანის ინტერის აკადემიას Arveladze foundation-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი ფეხბურთელი არჩილ არველაძე და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ეწვია.
საგანმანათლებლო ღონისძიების მთავარი მიზანი მოზარდი სპორტსმენებისთვის და აუდიტორიისთვის სპორტის ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი მნიშვნელობის გაზიარება იყო. ამასთანავე, მათ ისაუბრეს სპორტში განათლების მნიშვნელობაზე.
ეროვნული ბიბლიოთეკა და Arveladze Foundation თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივად აწყობენ რეგიონულ წიგნის დღეებს. ამჯერად, გამომცემლობა არტანუჯთან პარტნიორობით, ისინი იოჰან კრუიფის ავტობიოგრაფიულ წიგნზე მუშაობამ გააერთიანა. სწორედ ლეგენდარული ფეხბურთელისა და მწვრთნელის შესახებ უამბეს მათ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ინტერ აკადემიის პატარა ფეხბურთელებს…
ორგანიზატორებმა შეხვედრის ბოლოს საფეხბურთო ვიქტორინა ჩაატარეს და გამარჯვებულებს საფეხბურთო თემატიკის წიგნები გადასცეს.
სტუმრებმა ასევე ისაუბრეს 2024 წლის მარტში გასამართ ლეგენდების მატჩზე, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და მილანის ინტერის ლეგენდები დაუპირისპირდებიან.