მთავარისპორტიმოგულის მსოფლიო თასის ეტაპი ბაკურიანში

მოგულის მსოფლიო თასის ეტაპი ბაკურიანში

ფრისტაილის, ფრისკისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ბაკურიანმა პირველ საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა. ზამთრის სეზონის გახსნისთანავე საქართველოს გამორჩეულ სამთო-სათხილამურო კურორტზე მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში ჩატარდა. ამ შეჯიბრებას ბაკურიანმა მსოფლიო ჩემპიონატზეც უმასპინძლა და ერთი წლის შემდეგ საქართველოში მსოფლიოს გამორჩეული მოთხილამურეები დაბრუნდნენ, მათ შორის იყო რვაგზის მსოფლიო ჩემპიონი მაიკლ კინგსბური, რომელმაც ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა. კანადელი სპორტსმენი 22 და 23 დეკემბერს გამართულ მსოფლიო თასზე ინდივიდუალურ მოგულში მესამე ადგილზე გავიდა, დუალ მოგულში კი ჩემპიონი გახდა. შესაბამისად, მოგულის ლეგენდარულმა სპორტსმენმა ბაკურიანში გამართული 4 შეჯიბრებიდან 3 მოიგო.

“ეს შესანიშნავი გრძნობაა. ეს ადგილი ჩემთვის ძალიან კარგი გამოდგა. პირველი შეჯიბრების შემდეგ ძალიან მოტივირებული ვიყავი, მესამე ადგილი კარგი შედეგია თუმცა დუალ მოგულში გამარჯვების შედეგად ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, აქ მომდევნო წელსაც დავბრუნდები”, – ამბობს რვაგზის მსოფლიო ჩემპიონი მაიკლ კინგსბური.

კაცთა შორის ინდივიდუალური მოგული იკუმა ჰორიშიმას გამარჯვებით დასრულდა, იაპონელმა სპორტსმენმა მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულები დააგროვა და ოქროს მედალიც მოიპოვა.

ქალთა შორის ტრიუმფალური გამოსვლა ჰქონდა ჯაკარა ენტონის. მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ბაკურიანში ავსტრალიელმა მოთხილამურემ მსოფლიო თასის ეტაპი ორივე დისციპლინაში მოიგო და რეიტინგში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

მსოფლიო თასი განსაკუთრებული გამოდგა მაია შვინგჰამერისთვისაც, კანადელმა სპორტსმენმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირზე მედლის მოპოვება პირველად სწორედ ბაკურიანში შეძლო.

“ეს ჩემთვის პირველი პოდიუმი იყო, ამიტომაც ბაკურიანი სამუდამოდ დამამახსოვრდება. აქ გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიყავი, ძალიან ბედნიერი ვარ რომ დავბრუნდი და ჩემი პირველი მედალი მოვიგე. ორგანიზატორებმა ძალიან კარგად იმუშავეს და მიხარია, რომ აქ გამოსვლის შესაძლებლობა მომეცა”, – ამბობს მაია შვინგჰამერი.

მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით, მსოფლიო თასის ეტაპი ბაკურიანში სეზონის დასაწყისში ჩატარდა. თბილი ამინდების გამო ორგანიზატორებს მოსამზადებლად უფრო დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებულმა გამოცდილებამ და გამართულმა ინფრასტრუქტურამ მათ ხელი შეუწყო და ბაკურიანმა 16 ქვეყნის 90-ამდე გამორჩეულ სპორტსმენს უმასპინძლა.

საერთაშორისო შეჯიბრების შედეგად საქართველო კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში. ბაკურიანში გამართული მსოფლიო თასის ეტაპი ისეთ წამყვან სპორტულ არხზე გაშუქდა როგორიცაა “ევროსპორტი”. საერთაშორისო შეჯიბრების გაშუქებას კომპანია “ინფრონტი” უზრუნველყოფდა. ბაკურიანი უკვე მოინიშნა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კალენდარში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა რეგულარულად უმასპინძლებს უმაღლესი დონის შეჯიბრებებს ზამთრის სპორტში.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთი შეჯიბრებები ხელს უწყობს ზამთრის სპორტში ქართველი სპორტსმენების განვითარებას და გულშემატკივარს იმედს უჩენს, რომ სამომავლოდ პოდიუმზე ქართველი სპორტსმენებიც წარდგებიან.

მიმდინარე ზამთრის სეზონში საქართველო კიდევ 2 საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლებს. სნოუბორდ კროსისა და სკი კროსის მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში თებერვალში გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend