ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ ოფიციალურად დაადგინა, რომ “ფიფამ” და “უეფამ” კონკურენციის კანონი დაარღვიეს, როცა 2021 წელს სუპერლიგის შექმნა დაბლოკეს და მონაწილე კლუბებს სანქციები დაუწესეს.
სასამართლოს განცხადებით, „ფიფასა“ და „უეფას“ ეს მოქმედებები სუპერლიგაში გაწევრებული საფეხბურთო გუნდების დისკრიმინაციას ახდენდა. მათივე თქმით, „ფიფასა“ და „უეფას“ წესები, რომლებიც უკრძალავს კლუბებსა და ფეხბურთელებს ამ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებასა და შიდა ტურნირებზე ასპარეზობას, სრულიად უკანონოა და არ ჯდება ევროპული ფეხბურთის სტანდარტებში.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ სუპერ ლიგის შექმნას ხელს ფიფა და უეფა ვეღარ შეუშლის. თავდაპირველად ამ ტურნირში 12 საფეხბურთო კლუბი იყო გაწევრებული. ახლა კი ის მხოლოდ „მადრიდის რეალისა“ და „ბარსელონასგან“ შედგება. ესპანური კლუბები სუპერ ლიგის პროექტის მხარდაჭერისა და მასში დარჩენის გამო ერთ მილიარდ ევროს მიიღებენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა სუპერ ლიგის მთავარმა დამფუძნებელმა ფლორენტინო პერესმა. მისი თქმით, ევროპული საკლუბო ფეხბურთში აღარასდროს იქნება მონოპოლია და ეს ტურნირი ყველა კლუბს სამართლიანობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას მოუტანს.
ცოტა ხნის წინ ასევე განცხადება გააკეთა „უეფამ“. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „უეფა“ მტკიცედ იცავს ევროპულ საფეხბურთო სტანდარტებს, აგრძელებს ევროპის სპორტული მოდელის კოლექტიურად ჩამოყალიბებას საფეხბურთო კლუბებსა და გულშემატკივრებთან ერთად და ის კვლავ ემსახურება საზოგადოების ფართო ინტერესებს.