მთავარისპორტისაქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩი ესპანეთში გამართა

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩი ესპანეთში გამართა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩი ესპანეთის წინააღმდეგ, ვალიადოლიდში გამართა. დაპირისპირება ესპანელებმა 3:1 მოიგეს.

ანგარიში მეოთხე წუთზე რობინ ლე ნორმანმა გახსნა. საქართველოს ნაკრებმა წონასწორობა მეათე წუთზე აღადგინა. გიორგი ჩაკვეტაძის პასით გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

55-ე წუთზე გოლი ფერან ტორესმა გაიტანა, 72-ე წუთზე კი ლუკა ლოჩოშვილის ავტოგოლის შედეგად მასპინძლებმა დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვეს.

მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იყო. “ვალენსიას” მეკარემ ესპანელებს არაერთი რთული ბურთი აუღო.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი პირველი ტაიმი გვქონდა. თავს კარგად ვიცავდით და შეტევაში თითოეული შესაძლებლობის გამოყენებას ვცდილობდით. მეორე ტაიმში გაგვიჭირდა. გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც კლუბებში 90 წუთს არ თამაშობენ და მათთვის რთულია მაღალი ინტენსივობით თამაში. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით. ესპანეთსა და საქართველოს ნაკრებებს შორის დიდი სხვაობაა და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ვფიქრობ, რომ ესპანეთი საფრანგეთთან ერთად საუკეთესო გუნდია ევროპაში და ეს მეტოქის მთავარ მწვრთნელსაც ვუთხარი. ჩვენ საქართველო ვართ, ყოველთვის მეტი გვინდა და ამისთვის ბევრს ვშრომობთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მარტისთვის მზად ვიყოთ და ვეცდებით, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე ვაჩუქოთ”. – ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი.

ჯგუფური ეტაპიდან ევროპის ჩემპიონატის საგზური ესპანეთისა და შოტლანდიის ნაკრებებმა მოიპოვეს, საქართველოს ნაკრებმა კი 8 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა. ამის მიუხედავად, საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი კვლავ აქვს. ამისათვის ქართველებს ერთა ლიგის პლეიოფში გამარჯვება სჭირდებათ, რომლის მატჩებიც 2024 წლის მარტში გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend