პირველი ქართული სარაგბო ფრენშაიზი „შავი ლომი“ ახალ მნიშვნელოვან და ისტორიულ სეზონს იწყებს. გუნდი, რომლის ბირთვიც ძირითადად საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებისგან შედგება, ზედიზედ ორ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „შავი ლომის“ კაპიტანი მერაბ შარიქაძე ამბობს, რომ ახალი სეზონი ორმაგად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით წარუმატებელი მსოფლიო თასის ფონზე.
„შავი ლომი“ ტურნირის ორგზის გამარჯვებულია და მიზანი ტიტულის შენარჩუნებაა. 2023 წლის სუპერთასზე, „შავი ლომი“ ა ჯგუფშია, მისი მოწინააღმდეგეები კი შარშანდელი ფინალისტი „თელავივ ჰითი“, „ლუზიტანუში“ და „იბერიანსი“ არიან. წინა წლებისგან განსხვავებით, ევროპის სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე გუნდები მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ქართველ მორაგბეებს წარუმატებლობის უკან მოტოვება სურთ და წარმატებული ეტაპის დაწყება სურთ. ამას კი „შავი ლომი“ ევროპის სუპერთასზე შეეცდება.
„ამ მსოფლიო თასის შემდეგ გვინდა, რომ ახალი სეზონი წარმატებით დავიწყოთ, კარგი რაგბი ვითამაშოთ და მოვიგოთ. კიდევ ერთხელ გავხდეთ ამ ტურნირის გამარჯვებული. ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ზოგადად ჩვენი სიტუაციის განკურნების ერთადერთი გზა სწორედ ეს არის. ჩვენ ნაიარევს, რაც გულზე გვაქვს, ისევ რაგბით უნდა ვუმკურნალოთ და გამარჯვებით გადავფაროთ“, – ამბობს ნაკრების კაპიტანი.
საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბ ჯგუფში მხოლოდ 2 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილი დაიკავა. რიგ შემთხვევებში კარგი თამაშის მიუხედავად, ლევან მაისაშვილის გუნდმა მსოფლიო თასზე, სადებიუტო 2003 წლის მსოფლიო თასის მერე, პირველად ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. შედეგი კი განსაკუთრებით რთულად ნაკრების მოთამაშეებმა მიიღეს.
„ჩემთვის საკმაოდ რთული, ემოციური და მძიმე საკითხია. მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებისას მეც და ყველამ მართლაც ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ. რაც უფრო მაგრად გინდა რაღაც და რაც უფრო ბევრს შრომობ, მით უფრო მტკივნეულია წარუმატებლობა. მე მგონი, კარიერაში ასეთი მტკივნეული წუთები არც მე და არცერთს ბიჭს, რომლებიც ჩვენთან თამაშობენ, არ გვქონია“.
მერაბ შარიქაძე მსოფლიო ჩემპიონატზე მეორედ იყო ნაკრების კაპიტანი. როგორც თავად ამბობს, ეს მისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ერთი მხრივ, წნეხია, მეორე მხრივ კი – დამატებითი მოტივაცია.
„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ძალიან რთულია. არ არის იოლი ამ პასუხისმგებლობასთან გამკლავება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაცები ისე არ გამოდის, როგორც შენ გინდა… ხალხის კრიტიკა, უკმაყოფილება… შეიძლება, არც გაგაკრიტიკონ, მაგრამ იცი, რომ ხალხი ძალიან გულდაწყვეტილია. საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად მოთამაშეებს გვწყდება გული. მართლა ყველაფერი ჩაგვწყდა“.
ნაკრებს განსაკუთრებულ მოტივაციას კი სწორედ ქართველი გულშემატკივარი და მისგან მიღებული ემოციები აძლევს. კაპიტნის თქმით, ნაკრები ქომაგებისთვის ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯება.
„ერთი რამე მინდა აუცილებლად აღვნიშნო – იმ ხალხს, რომელიც ასეთ დროსაც ჩვენ გვგულშემატკივრობს და ჩასაფრებული არ არის – თან რა კარგი სიტყვაა გულშემატკივარი – მას, ვისაც რეალურად გული შესტკივა როგორც ჩვენზე, ისე ზოგადად ქართული რაგბის შედეგებზე, მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. სანამ მინიმუმ ერთი ასეთი ადამიანი მაინც იარსებებს, რომელიც გამარჯვებაშიც და წაგებაშიც ჩვენთან და საქართველოსთან ერთად იქნება, მანამდე ჩვენს თავგანწირვას აზრი აქვს. შეიძლება, შედეგი ვერ დავდეთ. მართლა ვერ დავდეთ, ვერ გავაკეთეთ ის, რაც გვქონდა დაგეგმილი. ამის გამო ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თავდადება და თავგანწირვა ნამდვილად იყო. ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. ზოგმა ხელმოტეხილმა, ზოგმა ყვრიმალგატეხილმა, ზოგმა კი მყესგაწყვეტილმა ითამაშა. რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავიღეთ. მაგრამ ეს სპორტი დაუნდობელია. თუ ყველაფერი ისე არ გააკეთე, როგორც საჭიროა, მარტო თავგანწირვა შეიძლება საკმარისი არ იყოს“, – ამბობს მერაბ შარიქაძე.
ნაკრების კაპიტანს მიაჩნია, რომ შეცდომების გამოსწორება სწორი ანალიზითა და მომავალზე კონცენტრირებით არის შესაძლებელი. ამისთვის კი მორაგბეები მუშაობას ორმაგი მოტივაციით გააგრძელებენ.
„თუ გინდა, გამოასწორო ის ყველაფერი, რაც მოხდა, სწორი ანალიზი უნდა გააკეთო და წინსვლა გააგრძელო. ერთადერთი გამოსავალი ეს არის. ახლა მოგვეთხოვება, რომ უფრო შედეგიანად ვითამაშოთ. როგორც აღვნიშნე, თავგანწირვა არასდროს გვაკლდა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი უნდა გარდავსახოთ ქულებსა და გამარჯვებებში“.
მომავალი კი საკმაოდ საინტერესოა. „შავი ლომი“ ისტორიული გამოწვევის წინაშე დგას. სუპერთასის გარდა, ქართული ფრენშაიზი კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს. პირველად ისტორიაში ქართული გუნდი ევროპის ჩელენჯ-ქაფზე ჩაერთვება. ჩელენჯ-ქაფი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირია, რომელზეც „შავ ლომს“ მსოფლიოს წამყვანი სარაგბო კლუბების წინააღმდეგ მოუწევს თამაში.
„ჩელენჯ-ქაფზე ძალიან საინტერესო და მძიმე გამოწვევა გვექნება. ყველას უნდა ვანახოთ, რა ბიჭებიც ვართ. თუმცა ჩელენჯ-ქაფი არ იქნება მარტივი. ძალიან ძლიერ გუნდებს ვეთამაშებით. ეს ჩვენთვის, „შავი ლომისთვის“, ჩელენჯ-ქაფზე პირველი ნაბიჯები იქნება. რეალურად რომ შევაფასოთ, ერთი თამაშის მოგებაც ძალიან გართულდება. თუმცა მე არ მახსენდება თამაში, როდესაც მოგებისთვის ჩვენ ყველაფერი არ გაგვიღია“, – ამბობს „შავი ლომის“ კაპიტანი.
ჩელენჯ-ქაფის ფარგლებში რაგბის გულშემატკივრებს ევროპის წამყვანი გუნდების ხილვის შესაძლებლობა ექნებათ. ჯგუფში „შავი ლომის“ მოწინააღმდეგეები „უელსური სკარლეტსი“, შოტლანდიური „ედინბურგი“, ინგლისური „გლოსთერი“ და ფრანგული გუნდები „კასტერსი“ და „კლერმონი“ არიან. პირველ შეხვედრას „შავი ლომი“ 9 დეკემბერს თბილისში მიხელ მესხის სტადიონზე „გლოსთერთან“ გამართავს.
„სახლში თამაში ძალიან მაგარია… კი, ძალიან მაგარ მოედნებზე გვითამაშია, თუნდაც, მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ საქართველოში თამაშს არაფერი ჯობია“.
ისტორიული სეზონისთვის „შავი ლომის“ რიგებში გამოჩნდნენ ახალი სახეებიც.
„ეს ბიჭები ტყუილად არ მოსულან. მათ თავი გამოიჩინეს და მწვრთნელებმა აარჩიეს. ზრდილობიანი, გემრიელი, სასიამოვნო ბიჭები არიან. ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. მეტიც, სწორედ ეს არის მთავარი. შემდეგ ამაზე შენდება მოთამაშის უნარები, სათამაშო გეგმა და ყველაფერი სხვა“.
ქართული რაგბი განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯებს დგამს, ჩელენჯ-ქაფი კი პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ ყველაფერს კი ახალგაზრდა „ბორჯღალოსნების“ წარმატებული თამაშიც ემატება, მათ ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები დაამარცხეს. ნაკრების ერთ-ერთ ლიდერსა და ნაკრების კაპიტანს ქართული რაგბისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებული მომავლის სჯერა.
„რასაც ვუყურებ, ეს ბიჭები, ახალგაზრდები, როგორც ჩვენი გუნდის, ისე ახალგაზრდული ნაკრების სხვა მორაგბეები, ასევე „შვიდკაცას“ ბიჭები, იმდენად მაგრები არიან, რომ პერსპექტივა იგრძნობა. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი დასანახია. ჩემი აზრით კი, ეს ყველაფერი კარგის მომასწავებელია. მგონია, რომ რაც უფრო მეტი ასეთი თაობა წამოვა, საქართველოს მით უფრო ძლიერი ნაკრები ეყოლება“, – განაცხადა მერაბ შარიქაძემ.
თორნიკე კოპლატაძე