მთავარიმსოფლიო„ჰამასმა“ კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა

„ჰამასმა“ კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო შეთანხმების მიღწევამდე მძევლების გათავისუფლება აუცილებელი პირობაა

ეგვიპტე-კატარის შუამავლობით, დაჯგუფება „ჰამასმა“ კიდევ ორი მძევალი, 85 წლის იოჰევედ ლიფშიცი და 79 წლის ნურიტ კუპერი, გაათავისუფლა.

მძევლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ისრაელმაც დაადასტურა.

ისრაელის მთავრობის განცხადებით, 7 ოქტომბრის მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ „ჰამასს“ 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო შეთანხმების მიღწევამდე მძევლების გათავისუფლება აუცილებელი პირობაა. ისრაელის არმია კი მზად არის, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ხელისუფლება და არმია „ჰამასის“ გასანადგურებლად ერთად მუშაობენ.

“აქ და ომის კაბინეტში ჩვენ გადაწყვეტილებებს ერთხმად ვიღებთ. ჩვენ ამ საკითხებს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ამერიკის შეერთებული შტატების გაფრთხილების მიუხედავად, მძევლების გათავისუფლების მიზნით ისრაელი ღაზაში სახმელეთო იერიშს დიდხანს არ დააყოვნებს.

შეერთებული შტატები სახმელეთო იერიშისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, რადგან მას შესაძლოა, უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწიროს. პარალელურად კი ისრაელი ღაზაზე საჰაერო შეტევებს აგრძელებს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ორშაბათის მდგომარეობით, ღაზაში 5000-ზე მეტი პალესტინელია დაღუპული. ისინი ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

ლიბანის საზღვართან, ისრაელის ქალაქ კირიათ-შმონაში, სადაც ისრაელელი სამხედროები დაჯგუფება „ჰესბოლას“ ებრძვიან, სირენებისა და აფეთქებების ხმა ისმის. ხალხი თავშესაფრებისკენ გარბის.

ისრაელის სამხედროების თქმით, „ჰესბოლას“ თავდასხმები ლიბანის ომში ჩართვას გამოიწვევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend