მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის

პოლონეთში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის

ერთი კვირის წინ პოლონეთში საარჩევნო კამპანია დაიწყო – სამხედრო საკითხებთან დაკავშირებული თემებითა და პოლარიზაციით სპეკულირება, წლევანდელი კამპანიის მთავარი გზავნილებია. თუმცა, პარტიებისთვის მხოლოდ ემოციებზე თამაში არჩევნებში წარმატების გარანტი ვერ იქნება, რადგან ამომრჩეველი უფრო მომთხოვნია.

„პოლონეთის გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პარტიებისთვის ერთ-ერთი მთავარი თემა უსაფრთხოება უნდა იყოს. ამ კუთხით ვხედავ “კანონისა და სამართლიანობის” კონკრეტულ წინადადებებს და გადადგმულ ნაბიჯებს. თუმცა, ოპოზიციური პარტიებისგან ცოტა მაკლია  კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ვერ ვხედავ აზრიან დებატებს. რა თქმა უნდა, პარტიის გზავნილები მარტივი და კონკრეტული უნდა იყოს, მაგრამ არ შეიძლება სლოგანებმა პარტიის პროგრამა მთლიანად ჩაანაცვლოს“, – პარტია “კანონისა და სამართლიანობის” ამომრჩეველი.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ წლევანდელი წინასაარჩევნო კამპანიის მძიმე რიტორიკა რეგიონში და ქვეყანაში დაძაბული სიტუაციის შედეგია.

„გასაგებია, რომ მიმდინარე ომის გამო, წინასაარჩევნოდ აქტიურად ისმის ლოზუნგები მილიტარიზაციასთან დაკავშირებით. მხარეები ცდილობენ, ამომრჩეველს თავიანთი გეგმა გააცნონ, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მაგრამ ამავე დროს, წინასაარჩევნო კამპანიის რადიკალიზაცია პოლონეთში უფრო ღრმა პოლარიზაციას იწვევს,“ – ამბობს ვარშავის ეკონომიკის სკოლის პროფესორი, მალგორზატა მოლედა-ზდიეჩი.

საზოგადოებრივი ტელევიზიის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქცია ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ საინფორმაციო და იდეოლოგიურ დონეზე პოლარიზაცია რამდენად გაღმავებულია. დემონსტრანტებს მიაჩნიათ, რომ ტელევიზია მმართველი გუნდის გავლენის ქვეშაა მოქცეული. ისინი საზოგადოებრივ მაუწყებელს ამომრჩევლის საჭიროებების იგნორირებაში ადანაშაულებენ.

„მმართველი პარტიის რიტორიკა და ლოზუნგები უნდა განვაცალკევოთ. მმართველი პარტიის კამპანია მედია სპეციალისტებმა არასწორად მართეს, რადგან მათი სლოგანი „უსაფრთხო მომავალი პოლონელებისთვის“ ძალიან სუსტია. ოპოზიციის რიტორიკა კი უსიამოვნოა. გარკვეულ წილად ამომრჩევლის ინტელექტის შეურაცხყოფაა. შესაბამისად არსებობს მოლოდინები, რომ ეს ყველაფერი არჩვენების შედეგებში ცუდად აისახება,“ – ამბობს “სამოქალაქო კოალიციის” მხარდამჭერი კატარინა ბიელი 

ორი ყველაზე ძლიერი პარტიის დაპირისპირებით, სარგებელს პოულობს ნაციონალისტური პარტიის კონფედერაცია, რომელიც შედარებით უფრო ზომიერ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს და მე-3 ძალად ყალიბდება.

„მთავარი პარტიების „კანონისა და სამართლიანობის“ და „სამოქალაქო პლატფორმის“ კამპანიებს საკმაოდ უარყოფითად ვუყურებ. მიმაჩნია, რომ მათ საარჩევნო პროცესები უფრო აღელვებთ, ვიდრე პოლონელების რეალური საჭიროებები. კონფედერაციის პარტია კი ოდნავ უფრო განსხვავებულია და ის ცდილობს, გაუთავებელ ჩხუბში არ ჩაერთოს,” – ამბობს “კონფედერაციის” მხარდამჭერი, მაჩიე კორნელუკი.

გამოსვლები, აღლუმები, შეხვედრები – მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიტიკოსები ერთმანეთს მოსახლეობასთან შეხვედრაში ეჯიბრებიან. თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს პროცესები დიდი ალბათობით არჩევნების შედეგებს განსაზღვრავს. ამ დროისთვის კი უცნობია თუ რომელი პარტია მიაღწევს გამარჯვებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend