თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ირანში თეოკრატიული რეჟიმის წინააღდეგ მასობრივი აქციები დაიწყო. პროტესტი ირანის ზნეობის პოლიციის მიერ ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის, მკვლელობამ გამოიწვია. პოლიციის მტკიცებით, იგი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავეს.
დღეს ირანის ქუჩებში უამრავ თავსაბურავის გარეშე მოსიარულე ქალს იხილავთ. თვეების განმავლობაში, ირანის ხელისუფლება თავს იკავებდა ჰიჯაბის ტარების წესების მკაცრი კონტროლისგან. თუმცა, ახლა ირანის პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ჰიჯაბის გარეშე გამოსულ ქალებთან ერთად, იმ ბიზნესების დასანქცირებასაც ისახავს მიზნად, რომლებიც მათ მომსახურებაზე უარს არ განაცხადებენ.
„ვიცით, რომ ირანის ისლამური რეჟიმი ჰიჯაბის არასათანადოდ ტარებისთვის სასჯელის გამკაცრებას გეგმავს. მათ მაჰსა ამინი 16 სექტემბერს, თმის რამდენიმე ღერის გამოჩენის გამო მოკლეს, რასაც ერთგვარი რევოლუცია მოჰყვა. ამიტომ სურთ ზომების გამკაცრება. უამრავი ქალი არღვევს სავალდებულო ჰიჯაბის წესს და ქუჩებში თავსაბურავის გარეშე გამოდის. გამკაცრებული სასჯელი და ჯარიმები რეჟიმის პასუხია მასობრივ პროტესტებზე“, — განაცხადა ირანელმა აქტივისტმა მარიამ ნამაზიემ.
ირანის ხელისუფლება ებრძვის კულტურის სფეროს წარმომადგენლებსაც. პოლიცია რამდენიმე ფილმის გადაღების ჩაშლით დაიმუქრა, რომლებზეც ქალები, კამერებს მიღმა, თავსაბურავების გარეშე მუშაობენ. გარდა ამისა, რამდენიმე მოსამართლემ არაერთ ცნობილი ქალს, ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო პატიმრობის ნაცვლად, მორგში მუშაობა დააკისრა.
კანონპროექტს ირანში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ეზათოლა ზარგამი, კულტურული მემკვიდრეობის მინისტრი, გმობს მსგავსი ტიპის მკაცრი სასჯელის დაწესებას, როგორიც მორგში მუშაობაა. რეფორმისტებად ცნობილი ირანელი პოლიტიკოსების ნაწილი კი თეოკრატიის შეცვლას სისტემის შიგნიდან ცდილობს. თუმცა, მთავარი ბრძოლა ირანის ქუჩებში გრძელდება და მისი ბედი იმ ქალების ხელშია, რომლებიც ზოგჯერ სიცოცხლის ფასად, სავალდებულო ჰიჯაბზე ყოველდღიურად ამბობენ უარს.
„’ირანელი ქალები საკუთარი ქვეყნის ღირსებისთვის იბრძვიან. ამ რეჟიმმა მთელი საზოგადოება სავალდებულო ჰიჯაბის დაწესებით და ქალების უფლებების შეზღუდვით დაიმორჩილა. ეს არის ბრძოლა ირანის მომავლისთვის“, — ამბობს ნამაზიე.