შაბათს ტყის ხანძარი იყო პელოპონესის ნახევარკუნძულზეც. საბერძნეთის სახანძრო ბრიგადის ინფორმაციით, ტყის ხანძრის სამი კერა, რომლებიც დასავლეთ საბერძნეთში ელისის რეგიონის ოთხ სოფელსა და ასევე ანტიკური ოლიმპიის რეგიონში გაჩნდა, მეხანძრეების მიერ უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობენ ბულდოზერები, რომელთა დახმარებითაც ასუფთავებენ მიწას, რათა ხანძრის ხელახლა გაჩენის შემთხვევაში ხანძარსაწინააღმდეგო ზოლები და ბარიერები შექმნან.
ზემოდან ნათლად ჩანს, რა ზიანი მიაყენა ხანძარმა კუნძულ როდოსს. გასული დღეების განმავლობაში 30 000 ადამიანი გაიყვანეს კუნძულიდან, თუმცა ახლა მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქ დაბრუნება უკვე უსაფრთხოა, მიუხედავად იმისა, რომ გვალვისა და მაღალი ტემპერატურის გამო ჯერ კიდევ არსებობს ხანძრების გაჩენის საფრთხე.
ამავდროულად, სამხრეთ ტიროლს ღამით მძვინვარე შტორმები დაატყდა თავს, რომლებსაც თან ახლდა ძლიერი ქარი და ჭექა-ქუხილი. დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მთებიდან წამოსულმა ღვარცოფმა ხის ხიდები სრულად მოშალა, გზები გაანადგურა და მეწყრული პროცესები გამოიწვია. დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო ოპერაციებში მეხანძრე-მაშველები არიან ჩართული.