მთავარიამერიკამექსიკაცხოველთა უფლებების დამცველები მიიჩნევენ, რომ ჟირაფ ბენიტოს მექსიკის ზოოპარკში ცხოვრებისთვის შეუფერებელი პირობები...

ცხოველთა უფლებების დამცველები მიიჩნევენ, რომ ჟირაფ ბენიტოს მექსიკის ზოოპარკში ცხოვრებისთვის შეუფერებელი პირობები აქვს

ჟირაფი ბენიტო მექსიკის ჩრდილოეთ სასაზღვრო ქალაქ სიუდად-ხუარესში გასულ თვეს ჩაიყვანეს. ამ გადაწყვეტილების გამო ზოოპარკის ადმინისტრაციას აკრიტიკებენ, რადგან ბენიტოს მექსიკის უდაბნოს კლიმატთან შესაფერისი პირობები არ აქვს.

ჟირაფმა ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ადვოკატმა იესიკა სალასმა სოციალურ ქსელში მისი ფოტო გამოაქვეყნა. სალასი ამბობს, რომ ზოოპარკში ადრეც ბინადრობდა ჟირაფი, რომელიც შეუფერებელი საცხოვრებელი პირობების გამო ვერ გადარჩა.

„არ მესმის, ახალი ცხოველი რატომ მოჰყავთ, როდესაც წინა ჟირაფიც ძალიან ცუდ პირობებში იყო. გვაქვს ამის პრეცედენტი. ზამთარში წინა ჟირაფს, რომელიც აქ ბინადრობდა,  ყურები და კუდი გაეყინა. კუდი მოსწყდა კიდეც. მას წესიერად არ უვლიდნენ. ის ყოველთვის მარტო იყო. პარკის თანამშრომლებმა ისიც კი მითხრეს, რომ ჟირაფი გაგიჟდა. ის გაუსაძლის სიცხეში თავს სხვადასხვა საგანს ურტყამდა. ის ხომ ცოცხალი არსებაა, რომელსაც თავის სახეობასთან ერთად ყოფნა სჭირდება“, – ამბობს იესკა სალასი.

სამი წლის ბენიტოს სიცხისგან თავის შეფარება მხოლოდ ერთ პატარა ადგილას შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ მას ზამთრისთვის პატარა ფარდული აქვს გამოყოფილი, ცხოველთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ ასეთი პირობები ცხოველისთვის შეუფერებელია.

სიუდად-ხუარესის სახელმწიფო პარკის ადმინისტრაცია კი კრიტიკას არ იზიარებს.  ხელმძღვანელობის განცხადებით, ისინი მუშაობენ დაახლოებით ნახევარი ჰექტარი სივრცის გაუმჯობესებაზე იქ, სადაც ბენიტო ჰყავთ.

პარკის ადმინისტრაცია უფრო დიდი თავშესაფრის აშენებას გეგმას. ისინი ასევე ასუფთავებენ წყლის აუზსაც, რომელიც ბენიტოს საცხოვრებლის დიდ ნაწილს იკავებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend