ხორვატიაში სამაშველო ჯგუფები და ასობით სამხედრო წყალდიდობით დაზარალებულ ადგილებში გაგზავნეს. გასულ დღეებში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარეები კალაპოტებიდან გადმოვიდა, რამაც ზოგიერთ დასახლებაში საცხოვრებელი სახლების, გზებისა და საჯარო დაწესებულებების დატბორვა გამოიწვია. წყალდიდობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა ქალაქ ობროვაცში. ბოლო ინფორმაციით, ასევე შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
ობროვაცის საჯარო უსაფრთხოების დირექტორის მიროსლავ ანდრიჩის თქმით, ქვეყანა მზად არის ასეთი შემთხვევისთვის. შესაბამისად, ყველა ოპერატიული დანაყოფი და ძალა ადგილზე იმყოფება. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
სტიქიის ზონაში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 300-ამდე სამხედრო განლაგდა. საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები იმ ადამიანებსაც ეხმარებიან საკვებით, რომელთაც სახლის დატოვება ვერ მოასწრეს.
ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა უზრუნველყოფს ყველა საჭირო დაფინანსებასა და დახმარებას. მეტეოროლოგების თქმით, წვიმიანი ამინდი უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება.