შვეიცარიაში, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება. ფორუმს ესწრება კიევის მერი, ვიტალი კლიჩკოც, რომელმაც კრემლის მიერ წარმოებულ ომზე ისაუბრა.
„მე აქ უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ სასაუბროდ ჩამოვედი, ჩვენს მოლოდინებთან დაკავშირებით მსურს ვესაუბრო პარტნიორებს, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდება უკრაინაში დანგრეულის აღდგენა. მტრისთვის გაცემული საუკეთესო პასუხი უკრაინის წარმატებაა“, – თქვა ვიტალი კლიჩკომ.
კიევის მერმა ისაუბრა დასავლეთის მიერ მისი სახელმწიფოსთვის გაწეული დახმარების მნიშვნელობაზეც, რუსი სამხედროების მიერ ქალაქ დნიპროზე მიტანილი სარაკეტო იერიში კი ტერორიზმად შეაფასა.
„ახლა გაცილებით მეტ დახმარებას ვიღებთ ვიდრე აქამდე, მაგრამ ეს არ კმარა. გულწრფელად გეუბნებით, რომ ეს არ კმარა. საჭიროა მეტი არტილერია, ტანკები, სამხედრო საჰაერო ხომალდები, განხილვებს საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. გვჭირდება ანტისარაკეტო სისტემები, ეს საჭიროა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. ხომ ნახეთ რა მოხდა დნიპროში?“ ეს ტერორიზმია, ეს გენოციდია“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ დავოსის ფორუმზე.
დავოსში 52 სახელმწიფოს მეთაურს და 600 სხვა სტუმარს ელიან. წლევანდელი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აქამდე არნახული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე იმართება.