საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისთვის ევრობასკეტი 2022 დასრულდა. ილიას ზუროსის გუნდმა, “თბილისი არენაზე” ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი მონტენეგროს წინააღმდეგ გამართა. მონტენეგრომ საქართველო 81:73 დაამარცხა და პლეიოფის საგზური მოიპოვა, საქართველოს ნაკრები კი 1 გამარჯვებითა და 4 მარცხით ჯგუფიდან ვერ გავიდა.
“მონტენეგროს პლეიოფში გასვლას ვულოცავ. ჩვენთვის ძალიან რთული მომენტია. სამწუხაროდ, მეტოქეს შეტევაში 15 მოხსნა ჰქონდა. შედეგად 17 ქულა ჩაგვიგდეს, ბოლო წამებზე კი 10 აიღეს. მეორე მხრივ, კალათბურთელები ძალიან ეცადნენ, შეცდომები იყო, თუმცა ბოლომდე იბრძოლეს. მადლობა ფანებს და ბოდიში, რომ ვერ მოვახერხეთ პლეი ოფში გასვლა. ზაფხულში ბევრი რამ მოხდა, მილიონი პრობლემა შეგვექმნა. თოკო შენგელია ტურნირამდე 1 კვირით ადრე დავკარგეთ. ის უმნიშვნელოვანეს მომენტებში დაგვაკლდა, დარწმუნებული ვარ, თუნდაც დღევანდელ შეხვედრაში შენგელიას ყოფნა ძალიან ბევრ რამეს შეცვლიდა. ბევრი ახალგაზრდა და გამოუცდელი მოთამაშე გვყავს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს. ტირილი არ უნდა დავიწყოთ, საქმე უნდა გავაგრძელოთ. თავი ავწიოთ და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კარგად ვითამაშოთ. ყველას მადლობა, ნაკრების მთელ შტაბს, მათ ძალიან ბევრი იშრომეს,” – განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა.
ჯგუფიდან პლეიოფის საგზური მონტენეგროს გარდა ესპანეთის, თურქეთისა და ბელგიის ნაკრებებმა მოიპოვეს. პლეიოფში ესპანეთის მეტოქე ლიეტუვა იქნება, თურქეთი საფრანგეთს შეხვდება, მონტენეგრო – გერმანიას, ბელგია კი სლოვენიას დაუპირისპირდება. თამაშები ბერლინში გაიმართება.