მთავარიევროპაირლანდიადუბლინში ფასების საგრძნობი მატება გააპროტესტეს

დუბლინში ფასების საგრძნობი მატება გააპროტესტეს

ირლანდია ევროპაში ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელშიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ცხოვრება საგრძნობლად გაძვირდა.

საწვავზე, საკვებზე, ქირასა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ კი ბევრი დასაქმებული კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.

გასულ შაბათს ირლანდიელები, მათ შორის პენსიონერები, დუბლინის ქუჩებში გამოვიდნენ და თავიანთი შეშფოთება და პროტესტი გამოხატეს.

ცხოვრება ყველა პროფესიის ადამიანისთვის გაძვირდა. ბევრი მედდა და მომვლელი გაზრდილი ხარჯის გამო  სექტორს ტოვებს.

მედდების პროფკავშირის წევრი ფილ ნი შიგდა ამბობს, რომ მათ უჭირთ თანამშრომლების სამსახურში დატოვება.

სამწუხაროდ, გადასახადები მათი ხელფასის 50 პროცენტს შეადგენს. ამავდროულად, გართულდა არაევროპული ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანების სამსახურში აყვანა.

ისინი უარს ამბობენ სამუშაოზე, რადგან ხელფასის ნახევარზე მეტს ქირასა და ტრანსპორტში იხდიან. ამავე დროს მათთვის პრობლემაა საცხოვრებლის მოძიება სამუშაო ადგილთან ახლოს.

ფასების მომატების გამო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებიც.

„ფორსას“ სავაჭრო პროფკავშირების წევრი ოუენ რონეინი ამბობს, რომ მათი პროფკავშირების წევრთა დიდი ნაწილი დაბალი შემოსავლების მქონე ჯგუფს განეკუთვნება. მისი თქმით, ქირა ირლანდიაში უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა და ახალგაზრდა დასაქმებულებს, რომლებსაც ის წარმოადგენს, არ აქვთ იმის საშუალება, რომ ქირა გადაიხადონ ან ფული გადადონ იმისათვის, რომ სახლი შეიძინონ.  ამ პრობლემას ემატება მზარდი ფასებიც საკვებსა და ენერგორესურსებზე.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სახელმწიფო სახსრების გამოყენება, რომ ისედაც რთული ვითარება კიდევ უფრო არ დამძიმდეს.

რიჩარდ ბოიდ-ბარეტი აღნიშნავს, რომ დასაქმებულებს უკვე შეუმცირდათ შემოსავალი. რეკორდულად მაღალია უსახლკარო პირთა რაოდენობა. ადამიანები არჩევანს გათბობასა და საკვებს შორის აკეთებენ. რიჩარდ ბოიდ-ბარეტის აზრით, საჭიროა საგანგებო ზომების მიღება, რომ გაუმკლავდნენ მზარდ ფასებს საცხოვრებელზე, ძირითად პროდუქტებსა და ენერგორესურსებზე. მათი მიზანია, რომ შემოსავალი და ანაზღაურება შეესაბამებოდეს ინფლაციის მაჩვენებელს.

პროტესტი დუბლინში იმართება, თუმცა სულ უფრო მეტად იზრდება იმ ირლანდიელთა რაოდენობა, რომლებიც შეშფოთებული არიან გაძვირებული ცხოვრებისა და მზარდი ფასების გამო.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ თუ მთავრობა ამ პრობლემებთან გასამკლავებლად ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, ეს პროტესტი შესაძლოა ზამთრამდეც გაგრძელდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend