ირლანდიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაწყვიტა, ზედიზედ მეორედ გამოუცხადოს ბოიკოტი ევროვიზიის სიმღერის კონკურსს.
ეროვნული ტელერადიოკორპორაცია RTE-ს განცხადებით, ქვეყნის მონაწილეობა „ვერ იქნება გამართლებული ღაზაში განგრძობადი კატასტროფული ადამიანური დანაკარგებისა და ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, რომელიც უამრავი მშვიდობიანი ადგილობრივი მცხოვრების სიცოცხლეს კვლავ საფრთხის ქვეშ აყენებს“.
ამავდროულად, ირლანდიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი თქვა მომდევნო წელს ევროვიზიის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებაზე, როგორც ეს მაისში სლოვენიამ გააკეთა და საეთერო დრო დაუთმო პალესტინელთა გენოციდის შესახებ დოკუმენტურ ფილმებს.
მანამდე სიმღერის კონკურსს ბოიკოტი გამოუცხადეს ნიდერლანდებმაც, არგუმენტით, რომ ფესტივალი „ვეღარ ჩაითვლება ნეიტრალურად, ვიდრე ერთ-ერთი მონაწილე ქვეყანა მასშტაბურ სამხედრო კონფლიქტშია ჩაბმული“.
მათ გარდა ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებენ ესპანეთი, ისლანდია და სლოვენია, რომელთაც საბოლოო გადაწყვეტილება მომავალი წლის მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღიათ, თუმცა ყველა მათგანი ეწინააღმდეგება კონკურსში ისრაელის დატოვებას.
ამ ჩამონათვალიდან ევროვიზიისთვის სერიოზული დანაკლისია ესპანეთი, რომელიც ფესტივალის ე.წ. „დიდი ხუთიანის“ წევრია - დამფუძნებელი ქვეყნებისა, რომლებსაც, ამავდროულად, დიდი ფინანსური წვლილი შეაქვთ კონკურსის არსებობაში.
მიმდინარე წლის აგვისტოში ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) ახალი წესების შესახებ გამოაცხადა. ორგანიზატორების განცხადებით, გამარჯვებულ ქვეყანას კონკურსის მასპინძლობა აეკრძალება, თუ ქვეყანა ჩართულია შეიარაღებულ კონფლიქტში ან ისეთ „მგრძნობიარე გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება“, რომელმაც შესაძლოა, კონკურსის უსაფრთხოებაზე გავლენა მოახდინოს.
დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, ეს რეგულაცია პირდაპირ ეხებათ ისრაელსა და უკრაინას.
საგულისხმოა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო, 2023 წელს უკრაინამ კონკურსის მასპინძლობა ვერ შეძლო და საორგანიზაციო საკითხები მეორეადგილოსან გაერთიანებულ სამეფოსთან გაიყო. მაშინ ფესტივალი ლივერპულში გაიმართა.
მომდევნო წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ბურგასი 11, 13 და 15 მაისს უმასპინძლებს. ვენაში გამართულ საიუბილეო ფესტივალზე ბულგარეთს პირველი ისტორიული გამარჯვება მომღერალმა DARA-მ მოუტანა.
