კლიმატის ცვლილება უკვე აშკარად იგრძნობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ ცნობილი სახეებიც შეუერთდნენ ავსტრიაში მსოფლიო ლიდერებს და შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვეს. ავსტრიის კლიმატის ყოველწლიური სამიტი ჰოლივუდის ვარსკვლავის არნოლდ შვარცენეგერის მიერაა დაარსებული.
სამიტზე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეშიც, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყნების მთავრობები არ ასრულებენ დაპირებებს. იგი იზიარებს მეცნიერებისა და საზოგადოების მოსაზრებას, რომ კლიმატის პოლიტიკა წარუმატებელია. მისი თქმით, დღეს მსოფლიო ისტორიული და სახიფათო მოვლენების მომსწრეა. მეცნიერები და საზოგადოება ამბიციურ და ტრანსფორმაციულ ქმედებებს მოითხოვენ. გუტერეშის თქმით კი, ბევრი ქვეყნის მთავრობა აჭიანურებს ამ საკითხს.
მთავრობები უმოქმედობაში დაადანაშაულა ავსტრიის კლიმატის სამიტის დამფუძნებელმა და მსახიობმა არნოლდ შვარცენეგერმაც, რომელმაც განაცხადა, რომ თუ რუსულ წიაღისეულ საწვავს არ აკრძალავენ, ამით ხელს შეუწყობენ როგორც კლიმატის ცვლილების დაჩქარებას, ასევე მოსკოვის ომს უკრაინაში. მისი თქმით, სისხლით აქვს დასვრილი ხელები ყველას, ვინც რუსეთის მიერ მოწოდებულ საწვავზე უარს არ ამბობს, რადგან ეს ომის დაფინანსებას გულისხმობს. შვარცენეგერი ამბობს, რომ თავის მოტყუების დრო აღარ არის. მათ აქვთ ყველა საჭირო ტექნოლოგია, რომ წიაღისეულ საწვავზე უარი თქვან. მათ მორალური პასუხისმგებლობაც აკისრიათ, რომ გამოიყენონ ეს ტექნოლოგია.
მიუხედავად პარიზის კლიმატის სამიტზე გაცემული დაპირებებისა, მსოფლიო ჯერჯერობით ქმედით ნაბიჯებს არ დგამს გლობალური ტემპერატურის მატების წინააღმდეგ. ეს კი უფრო აჩქარებს გლობალური დათბობის პროცესს. ცვლილების დრო ჯერ კიდევ არის, თუმცა ეს დროც მალე ამოიწურება.