მკვდართა პარტია — ასე მოიხსენიებენ საკუთარ თავს ადამიანები ნიღბებით. პროექტი 2017 წელს წამოიწყეს, რუსეთში, ნახევრად ხუმრობით, თუმცა მალე ეს ინიციატივა აქტივიზმში გადაიზარდა.
ცდილობენ, რომ რუსეთის აგრესიულ მილიტარისტულ პოლიტიკას დაუპირისპირდნენ.
როგორც ამბობენ, წარმოადგენენ ყველაზე დიდ პოლიტიკურ პარტიას, რომლის რიგებშიც 100 მილიარდამდე წევრი ირიცხება.
“მკვდრები ბევრად უფრო მეტნი არიან, ვიდრე ცოცხლები. დედამიწაზე დაახლოებით 100 მილიარდი ადამიანია მკვდარი. ეს არის ყველაზე დიდი სოციალური ჯგუფი, რომელიც ამავდროულად ყველაზე ნაკლებადაა წარმოდგენილი. მკვდართა პარტია უკვე არაერთ ქვეყანაში მოღვაწეობს, ნაწილობრივ ჯერ კიდევ ვრჩებით რუსეთშიც, სადაც ზოგჯერ იმართება პერფორმანსები, მაგრამ ზოგს ამ ქვეყნის დატოვება მოუწია, მათ შორის მეც. ჩემთვის იქ ყოფნა სარისკო იყო”, — ამბობს ერთ-ერთი მათგანი.
პარტიამ თბილისში რამდენიმე პერფორმანსი უკვე მოაწყო. მაგალითად, ე.წ. ხმაურის აქცია. მაშინ, ჯგუფის წევრებმა საზოგადოებას უკრაინაში მომხდარი საზარელი ამბები უამბეს.
“სამწუხაროდ, რუსეთში ბევრი მხარს უჭერს ეგრეთ წოდებულ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში, და ჩვენთვისაც კი, ჩვენი პესიმისტური განწყობების გათვალისწინებით, ეს სიურპრიზი იყო, მწარე სიურპრიზი. მაგრამ წლებია რუსეთში ხალხს ასწავლიან, რომ მათ არაფერი შეუძლიათ, მათ აჯერებენ, რომ მომავალი არ აქვთ. სამთავრობო დონეზე, რუსეთში ყველაფერი საბჭოთა წარსულის ნოსტალგიას უკავშირდება, ნოსტალგიას იმ მითიურ დროზე, რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა. მაგრამ მაინც ბევრია რუსეთში, ვინც ამ ომს ეწინააღმდეგება, მაგრამ ხმამაღლა საუბარი რთულია”, — ამბობს ის.
საქართველოში ადრეც ყოფილან, თუმცა ამბობენ, რომ ახლა ბევრი რამ შეიცვალა.
“ხალხი მიჯნავდა რუს ხალხს და რუსეთის მთავრობას, მაგრამ ახლა ბევრი რამ შეიცვალა, ამაზე რამდენჯერმე მქონდა საუბარი, ვნახე წარწერები ქუჩაშიც, ყველაზე მეტად მახსოვს, როდესაც სომხეთიდან ავტობუსით მოვდიოდი საქართველოში, მძღოლი მესაუბრა, ხმამაღლა და აგრესიულად, თითქოს იმ ყველაფერს მე ვაკეთებდე. მაგრამ ჩემთვის ეს გასაგებია, მე მესმის ქართველებისა და საქართველოს ტკივილი, რომელიც განპირობებულია რუსული აგრესიით, მესმის რას ნიშნავს მცოცავი ოკუპაცია, როდესაც პირობითი საზღვარი მუდმივად იწევს”, — ამბობს ერთ-ერთი წევრი.
ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ მკვდართა პარტიაში სულ ახლახან გაწევრიანდა. მან რუსეთი რამდენიმე წლის წინ დატოვა, რადგან იქ მუდმივად ავიწროებდნენ — ხან პოლიცია, ხან უსაფრთხოების სამსახური, ხან კი როსკომნაძორი.
“მკვდართა პარტიაში ახალი ვარ, როდესაც პირველად მათ შესახებ გავიგე, აღვფრთოვანდი, ეს ახლებური მიდგომა იყო და ვიფიქრე, ეს ხომ იდეალური სიმბოლოა იმპერიის, რომელიც ცოცხლად იხრწნება, ახლა კი, როდესაც ომი დაიწყო, ეს სიმბოლიკა კიდევ უფრო იდეალურად ახასიათებს ამ გიგანტურ იმპერიას, რომელიც საფლავისკენ მიექანება და ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი არსება ჩაითრიოს. ერთ დღეს ალბათ დავბრუნდები, მას შემდეგ, რაც რეჟიმი შეიცვლება”, — ამბობს ის.