ბელგიელმა ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ ლონდონის “ჩელსის” გულშემატკივრებს მისი განცხადებების გამო ბოდიში მოუხადა.
სკაი სპორტ იტალიასთან ინტერვიუსას 28 წლის შემტევმა აღნიშნა, რომ იგი მილანის “ინტერიდან” წამოსვლას ნანობს და იქ დაბრუნება სურს.
ლუკაკუმ უკმაყოფილება გამოთქვა “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის მიმართაც რომლის მიერ შერჩეული სისტემაც ფეხბურთელისთვის მიუღებელია.
ამ განცხადებებმა “არისტოკრატთა” გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია, რის შედეგადაც “ჩელსიმ” ლუკაკუ “ლივერპულთან” მატჩში განაცხადში არ შეიყვანა.
„ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს იმისათვის რომ ვაწყენინე. „ჩელსის“ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულობა თინეიჯერობის ასაკიდან მაქვს. მესმის, რომ ფანებს ჩემი განცხადებები არ მოეწონათ. მათი ნდობის დაბრუნება ახლა ჩემზეა დამოკიდებული და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ. ვარჯიშზე გუნდის მიმართ ჩემ დამოკიდებულებას ვაჩვენებ, თამაშების მოსაგებად კი ბევრს ვიშრომებ. ბოდიშს ვუხდი „ჩელსის“ მწვრთნელს, თანაგუნდელებსა და ხელმძღვანელებს. ეს განცხადებები არასწორ დროს გავაკეთე, ახლა მთავარია მატჩები მოვიგოთ და მინდა ამაში გუნდს დავეხმარო”, – განაცხადა ლუკაკუმ.
“ჩელსიმ” “ინტერს” ლუკაკუს სანაცვლოდ 117 მილონი ევრო გადაუხადა.