პანდემიამ ევროკავშირში სხვადასხვა ქვეყნის პოლიციას შორის თანამშრომლობის ხარვეზები გამოავლინა. ხშირად კრიმინალური ქსელები უფრო უკეთაა ორგანიზებული, ვიდრე ადგილობრივი საპოლიციო სისტემა. ამიტომ ევროკომისიამ წარადგინა გეგმა ეროვნული პოლიციის დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობის გამყარების შესახებ.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის მარგარიტის შინასის განცხადებით, ეს გეგმა მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით. პირველ რიგში, ეს უსაფრთხოების გარანტიას იძლევა, რადგან კრიმინალს არ აქვს საზღვრები. მეორე ასპექტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, არის შენგენი. მისი თქმით, რაც უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ სხვადასხვა ქვეყნის პოლიციის დეპარტამენტები საზღვრებთან ახლოს, ნაკლებად გახდება საჭირო შენგენის ზონაში საზღვრების ჩაკეტვა, ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მოხდება.
ევროპოლის ინფორმაციით, ევროკავშირში აქტიური კრიმინალური ქსელების წევრების 65 პროცენტს სხვადასხვა ეროვნების პირები წარმოადგენენ. ხოლო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების 80 პროცენტი ერთზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა დანაშაულშია ჩართული. ახალი გეგმა სწორედ ასეთი ქსელების გამოაშკარავებას ისახავს მიზნად.
ევროპარლამენტარი ესპანეთიდან ხუან ფერნანდო ლოპეს აგილარი აღნიშნავს, რომ პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, თუმცა არა უკეთესობისკენ, არამედ უარესობისკენ. წარმოიშვა დანაშაულთა უზარმაზარი ტალღა, განსაკუთრებით დაუცველების, არასრულწლოვნებისა და ბავშვების მიმართ. პანდემიის დროს გახშირდა სექსუალური ძალადობა ბავშვებზე. ასევე გაზრდილია თაღლითობის შემთხვევებიც. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდეთ შესაბამისი ინსტრუმენტები დანაშაულის აღსაკვეთად.
ინფორმაციის გაცვლა აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს მონაცემთა ერთიანი, ცენტრალური ბაზა, რომელთან წვდომაც ექნება სხვადასხვა ქვეყანას და რომელიც ძველ სისტემებს ჩაანაცვლებს. კითხვაზე – დაცული იქნება თუ არა მონაცემთა ბაზა, კომისიაში განაცხადეს, რომ წევრი ქვეყნები შეინარჩუნებენ საკუთრების უფლებასა და კონტროლს თავიანთ მონაცემებზე.