ავსტრიაში მხოლოდ აცრილ ან გამოჯანმრთელებულ პირებს ექნებათ რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში შესვლის უფლება. კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა აღარ არის საკმარისი.
შაბათს ავსტრიაში ინფიცირების 10 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ავსტრიამ მოხსნა მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები ისეთ ქვეყნებთანაც კი, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია და ინფიცირებულთა რაოდენობა მაღალია.
პოლიციამ გააჩერა მამაკაცი, რომელსაც, არ ჰქონდა გადაადგილების ნებართვა: „სიმართლე გითხრათ, გაბრაზებული ვარ… 80 წლის ვარ! ბოლოს და ბოლოს, რა შეიძლება რომ დამემართოს!” – “ვაქცინირებული ბრძანდებით?” – “არა!”
ავსტრიაში მოსახლეობის მხოლოდ 63%-ია აცრილი. ეს მაჩვენებელი დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
“ჩვენ უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის მაჩვენებელი ქვეყანაში. ამიტომ მოგვიწევს არავაქცინირებულთათვის ზომების გამკაცრება“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა ალექსანდრ შალენბერგმა.
მალე უფრო მკაცრი შეზღუდვები დაწესდება, რომლებიც არა მხოლოდ ავსტრიის არავაქცინირებულ მოქალაქეებს, არამედ ტურისტებსაც შეეხებათ. შეზღუდვების დაწესება იგეგმება სასტუმრო ინდუსტრიისთვისაც. ავსტრია ახლა ზამთრის ტურიზმისთვის ემზადება, რაც ქვეყნისთვის ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების მაჩვენებელი მთელ ევროპაში იზრდება, ექსპერტები მაინც იმედიანად უყურებენ მოახლოებულ სეზონს.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში კიდევ გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. შესაბამისად, ჰოსპიტლებშიც უფრო ბევრი პაციენტი იქნება. ავსტრიაში ვაქცინირებულთა არც ისე მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ჩვენ სხვა ქვეყნის მაგალითზე ვხედავთ, რომ ვაქცინირებულთა რაოდენობის გაზრდა და შეზღუდვების დაწესება სასურველ შედეგს მოგვცემს“, – ამბობს ექსპერტი ნიკი პოპერი.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ავსტრიაში ვაქცინირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს, ნაწილობრივ, ახალი შეზღუდვების დამსახურებაა.
„ავსტრიის მთავრობის განცხადებით, შეზღუდვები არავაქცინირებულებისთვის სულ მცირე ახალი წლის ღამემდე გაგრძელდება“.