პორტუგალიის პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არ დაამტკიცა, რაც შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზეზი გახდეს.
პრემიერ-მინისტრის ანტონიო კოსტას მიერ შეთავაზებული ბიუჯეტის დამტკიცებას პარლამენტში 5 ხმა დააკლდა.
მემარცხენე პარტიებმა ამ კვირის დასაწყისში განაცხადეს, რომ არ დაუჭერდნენ მხარს კოსტას სოციალისტურ პარტიას. 1974 წლიდან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პორტუგალიის პარლამენტი ბიუჯეტის დამტკიცებას მხარს არ უჭერს. პორტუგალიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის არ დამტკიცების შემთხვევაში ის გამოიყენებს თავის უფლებამოსილებას, დაითხოვს პარლამენტს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.
ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ვითარება, უფრო მეტად დააზარალებს პორტუგალიას. ჩვენ ამ კრიზისის შექმნაში მონაწილეობა არ მიგვიღია. პასუხისმგებლობა ეკისრებათ მემარცხენეებს, რომლებიც არაფერს აკეთებდნენ მდგომარეობის გამოსასწორებლად“ – განაცხადა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა რუი რიომ.
მმართველ კოალიციურ მთავრობაში დაძაბულობაა, მაგალითად, კომუნისტურმა პარტიამ, რომელიც მმართველი გუნდის მოკავშირეა, უარი განაცხადა, მხარი დაეჭირა წარმოდგენილი ბიუჯეტისთვის, რადგან პორტუგალიელი მოქალაქეებისთვის მსყიდველუნარიანობის გაზრდისა და საჯარო სერვისების გასაუმჯობესებლად არ იყო საკმარისი სახსრები დამტკიცებული.
,, მხოლოდ პორტუგალიის პრეზიდენტზეა დამოკიდებული, ახლა როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მთავრობა, ბუნებრივია, პატივს სცემს პრეზიდენტის კომპეტენციას. ამიტომ ჩვენ ვერ და არც შევაფასებთ მის გადაწყვეტილებას. მან უნდა გადაწყვიტოს, დაინიშნება ახალი არჩევნები თუ არა“, – განაცხადა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ.
პორტუგალიის კონსტიტუციით, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და, შესაბამისად, ბიუჯეტის დამტკიცებასაც ქვეყნის ხელისუფლება 2022 წლის იანვარში შეძლებს.