მთავარი საქართველო გაუქმებული შეთანხმება

გაუქმებული შეთანხმება

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების გაუქმებას საერთაშორისო პარტნიორები გამოემხაურნენ. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ცალმხრივად გასვლა კიდევ ერთი გადახვევაა იმ შეთანხმებიდან, რომელზეც პარტიის სახელით ხელი მოაწერეს.

თუმცა, თავად მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამ შეთანხმებას მხარს მთავარი ოპოზიციური ძალა არ უჭერს, სწორედ ამიტომ ისინი მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან.

საერთაშორისო პარტნიორები 19 აპრილის გაუქმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს – არის თუ არა მმართველი პარტია საქართველოს დემოკრატიული მიზნების ერთგული.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მათ შორის „ქართულ ოცნებას”, ერთობლივი მუშაობისა და იმ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ, რომლებზეც ისინი შეთანხმდნენ და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახში დროული ინტეგრაციისთვის“, – ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ეს განცხადება ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

19 აპრილის შეთანხმების გაუქმებას ერთობლივი წერილით გამოემხაურა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ოპერატიული ჯგუფი:

„იმედგაცრუებული ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რაც ძირს უთხრის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებს. ყველა არჩეულმა პარტიამ, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ან კეთილსინდისიერად არ შეასრულეს 19 აპრილის შეთანხმება, იმედი გაგვიცრუა. საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ამ მნიშვნელოვან პერიოდში კიდევ უფრო გულდასაწყვეტია „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ განზრახული აქვს ცალმხრივად გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან“, – წერია სენატის ოპერატიული ჯგუფის განცხადებაში.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათი გადაწყვეტილება სწორედ იმ ღირებულებების ერთგულებამ განაპირობა, რომლებიც საქართველოს დასავლეთი ევროპის სახელმწიფოებთან აკავშირებს.

„მინდა შევუერთდე იმედგაცრუებას, რომელიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს დაეუფლათ, მაგრამ ეს იმედგაცრუება გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ატარებდა, ატარებს და მომავალშიც აპირებს, რომ გაატაროს.  რეალურად არ შეიძლება იყო იმ შეთანხმებაში, რომელსაც მხარს არ უჭერს შეთანხმების მთავარი მონაწილე და ქვეყნის სტაბილურობის საფრთხის მთავარი შემქმნელი.  ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციას გავუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს“, – აცხადებს პარტია „ქართული ოცნების“  წევრი გია ვოლსკი.

„ეს გადაწყვეტილება რამე ფორმით რომ ისახავდეს მიზნად ევროპული ორბიტის ჩამოცილებას, ჩემი ადგილი აქ არ იქნებოდა“,- განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის ბოიკოტსაც არ გამორიცხავს. ისინი მოუწოდებენ მმართველ პარტიას, შეასრულოს ყველა ნაკისრი ვალდებულება.

„რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება სერიოზული რეაგირება ჩვენი პარტნიორების მხრიდან. იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებმაც აიღეს ვალდებულება როგორც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ასევე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთადაც იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულებულიყო. მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კი არ მოუწერიათ ხელი“,- ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი.

„საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებიდან ჩვენ დავინახეთ ის, რომ ვალდებულებები, რომლებიც აღებული აქვს „ქართულ ოცნებას“ შეთანხმების თანახმად, ძალაში რჩება. „ქართულმა ოცნების“ განცხადება, რომ ისინი გადიან ამ შეთანხმებიდან, არ ცვლის იმ რეალობას, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ელიან  ამ შეთანხმების პირობების შესრულებას“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა არაოფიციალური შეხვედრა გამართეს.

ისინი ერთმანეთს გუშინ საფრანგეთში შეხვდნენ და საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

შეთანხმებაშეთანხმება

Send this to a friend