საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად ამ რესტორანში აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ისევ სავალდებულოა. ეს რეგულაცია აქ მანამდეც მოქმედებდა, ვიდრე მას სახელმწიფო შემოიღებდა. მიაჩნიათ, რომ ასე მომხმარებლის უსაფრთხოება ბევრად უფრო დაცულია.
“პანდემია ჯერ არ არის გაკონტროლებული და მართვადი. ვფიქრობთ, რომ ძალიან ადრე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ უსაფრთხო გარემო და ამიტომ განვაგრძობთ ისევ კოვიდპასპორტების შემოწმებას” – ამბობს რესტორნის მენეჯერი, ელენე ლომიძე.
ლაშა გიუნაშვილი ამერიკიდან ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. ამბობს, რომ მხოლოდ ისეთ დაწესებულებებში მიდის, სადაც აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა. მასაც მიაჩნია, რომ ასეთ სივრცეში უსაფრთხო გარემოა.
“ვფიქრობ, რომ უფრო უსაფრთხოდ შემიძლია შემოვიდე, ვივახშმო. გარანტია მაქვს, რომ ყველა პირი შემოწმებულია. დღეში 20-24 ათასი შემთხვევაა. ჩემი აზრით ცოტა ხანი უნდა დარჩენილიყო რეგულაცია, სანამ ეს პერიოდი გადაივლიდა”
დაწესებულებებში კოვიდპასპორტის წარდგენის ვალდებულება საქართველოში პირველ თებერვალს გაუქმდა.
„ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის , ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება , გაუქმდეს მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება,“ – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ
გიორგი ღიბრაძისგან განსხვავებით, ომიკრონის მიმდინარეობაზე სხვაგვარად ფიქრობს საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ერთი წევრი ამირან გამყრელიძე.
„რატომღაც ეს მოარული ინფორმაცია არის, რომ ომიკრონი ძალიან მსუბუქია და ამას გადავიტანთ ფეხზე და არაფერი განსაკუთრებული არ იქნება. ომიკრონი სამწუხაროდ, ხანდაზმულ ადამიანებში იწვევს გართულებებს, ომიკრონით გვაქვს როგორც გართულების, ისე ფატალური შემთხვევებიც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მწვანე პასპორტების გაუქმებაზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დისკუსია ჰქონდათ. მან დისკუსიის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მწვანე პასპორტის გარეშე არავის შეუშვებენ.
“სავალდებულო არ იქნება, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, რეკომენდებულია, იგივე, მთელი რიგი ბიზნესებისთვის, რომ მათი გადასაწყვეტია და მოგიყვანთ ჩვენს მაგალითს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში მობრძანდით, თქვენ ვერ შემოხვალთ თუ არ აჩვენებთ ტესტის ან აცრის სტატუსს”
კოვიდპასპორტის გაუქმების მიუხედავად კვლავ იქნება ისეთი დაწესებულებები, სადაც აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო იქნება – ამ გადაწყვეტილებას ბიზნესის წარმომადგენლები სოციალური პასუხისმგებლობით ხსნიან.