ევროკომისიასა და მომხმარებელთა უფლებების დამცველთა წარმომადგენელთან მოლაპარაკებების შემდეგ თექვსმეტმა მსხვილმა ავიაკომპანიამ ვალდებულება აიღო ინფორმაციის დროულად მიწოდებისა და გაუქმებული ფრენების შემთხვევაში კომპენსაციის გაცემის შესახებ.
იუსტიციის კომისარის, დიდიე რეინდერსის განცხადებით, პანდემიის ადრეულ ეტაპზე ზოგმა ავიაკომპანიამ გაუქმებული ფრენების გამო ანაზღაურების მიზნით მომხმარებლებისთვის ვაუჩერების გაცემა დაიწყო. თუმცა, როგორც კომისარი აღნიშნავს, ისინი მომხმარებელთა უფლებებს არღვევდნენ. რეინდერსი კმაყოფილია, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად შეთანხმება მიღწეულია და ავიაკომპანიები ამ ვაუჩერებს დაიბრუნებენ და თანხას აანაზღაურებენ.
ავიაკომპანიებმა აიღეს ვალდებულება, რომ მომხმარებელს უკეთ მიაწვდიან ინფორმაციას და დროულად აუნაზღაურებენ გაუქმებული ფრენების გამო თანხას.
პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, ფრენები ავიაკომპანიის მხრიდან გაუქმდა თუ მომხმარებლის.მომხმარებლებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ, აიღონ ვაუჩერი. გაცემულ, გამოუყენებელ ვაუჩერებს ავიახაზების ხელმძღვანელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბრუნებს, თუ ვაუჩერები პანდემიის ადრეულ ეტაპზე გასცეს.
მომხმარებლებს, რომლებმაც შუამავლის საშუალებით შეიძინეს ბილეთი და პრობლემები შეექმნათ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, შეუძლიათ, მიმართონ იმ ავიაკომპანიას, რომელიც ვალდებულია ფრენის გაუქმების გამო თანხა აანაზღაუროს.
ავიაკომპანიები ვალდებული არიან, ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია თავიანთ ვებგვერდზე განათავსონ.