მთავარისაქართველოგაუქმებული მოსაწვევი საქართველოს დელეგაციისთვის

გაუქმებული მოსაწვევი საქართველოს დელეგაციისთვის

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დამკვიდრებული პოლიტიკურ-დიპლომატიური ტრადიციის თანახმად, გაეროს გენერალური ასამბლეის შემდეგ იმართება მსოფლიო ქვეყნების ლიდერების მიღება. წლევანდელ მიღებაზე, ასევე ტრადიციისამებრ, მიწვეული იყო საქართველოს დელეგაცია და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. თუმცა, „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს დელეგაციას მიწვევა ბაიდენის ადმინისტრაციამ გაუუქმა.

„როგორც „ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. „ამერიკის ხმისთვის” ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯებია, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და „აირჩიე ევროპას” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე მმართველი ძალის მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები“, – ნათქვამია „ამერიკის ხმის“ სტატიაში.

ეს ინფორმაცია Euronews Georgia-ს საქართველოში ამერიკის საელჩომაც დაუდასტურა. საელჩოს ოფიციალურ პასუხში განმარტებულია:

„ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძეს მიწვევა გაეროს ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის გამო აშშ-სა და დასავლეთის მიმართ”, – განმარტავს საელჩო.

ამის შემდეგ ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ზალკანიანს შორის მოხდა დაპირისპირება, რის შემდეგაც ელჩმა თანამდებობა დატოვა. თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ქართული ოცნების“ ლიდერებისა და წევრების განცხადებით, ამით შეერთებული შტატების მოქმედმა ადმინისტრაციამ შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, რაც იმის დადასტურებაა, რაზეც მმართველი პარტიის წევრები დიდი ხანია საუბრობენ. კერძოდ, გარე ძალების უხეშ ჩარევაზე საქართველოს შიდა საქმეებში.

„სადმე გაგონილა, რომ გინდოდეს სტუმრის მიღება, დაპატიჟო და მერე კარები დაუხურო? ეს რომელ პარტნიორულ ურთიერთობაში ჯდება? ეს არის ზუსტად იმის მტკიცებულება და როგორც ჩანს, ამაში გვეხმარებიან ჩვენი „უცხოელი მეგობრები“, ანუ უცხოური ძალები იმის მტკიცებაში, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ უცხოური ძალა ჰყავს დღეს, სამწუხაროდ, ოპოზიციაში არა მხოლოდ ქართულ ხელისუფლებას, არამედ ქართულ სახელმწიფოს. ა, ბატონი, პირდაპირ ამბობენ, რომ დღეს ოპოზიცია არაფრის მაქნისია საქართველოში და ჩვენ ვაკეთებთ მათ მაგივრად შეურაცხმყოფელ განცხადებებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ტრადიციებისა და ეკლესიის წინააღმდეგ. შესაძლებელია, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ პრეზიდენტს არც ამ შეხვედრის დანიშვნა სცოდნოდა და არც გაუქმება. როგორც ჩანს, აქაც უცხოური ძალები მოქმედებენ და შეიძლება უთხრეს, რომ იცოდე დანიშნული იყო შეხვედრა და ახლა ასეა საჭირო და გავაუქმეთო. ეს სამწუხარო მოცემულობა არსებობს და მე დარწმუნებული ვარ, ამერიკელ ხალხს ნამდვილად უნდა პარტნიორული ურთიერთობა და თავად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. იმით, რომ ამერიკის დღევანდელმა ადმინისტრაციამ ჯერ დანიშნა და მერე თვითონ გააუქმა შეხვედრა, შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს კი არ მიაყენა, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხსა და საქართველოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ცივილიზებულ სამყაროს, საქართველოს პარტნიორებს აღარ სურთ იმ ნაბიჯების გამო, რაც მმართველმა გუნდმა ბოლო წლებში გადადგა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ამით აშშ ქართველ ხალხს ეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში.

„სრულიად ნათელია, რა პოზიცია აქვთ ქართველი ხალხის ურყევ მეგობრებს, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს. ერთადერთი, რაც ახლა არის გასარკვევი, არის ის, თუ რა მოხდება 26 ოქტომბერს და აქაც, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, თანდათან ცხადი ხდება, რომ „ქართული ოცნება” ამ არჩევნებში მარცხდება. ეს არის მკაფიო, ამიტომ, აშშ-ის ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს აღქმული შემდეგნაირად, რომ ის, ვინც ეწინააღმდეგება და ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება”, როგორც ანტიქართული მაფიოზური დაჯგუფება, ქართველი ხალხის ინტერესებს, მისი ადგილი დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროს ლიდერების გვერდით არ არის. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა საქართველოსთვის, მაგრამ ფაქტია და 26 ოქტომბერს აუცილებლად შეიცვლება”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჯერ უცნობია, რა გაგრძელება მოჰყვება ამბავს, რომლის თანახმად, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის საქართველოს დელეგაციაში შესული მაღალი თანამდებობის პირები სპეციალური მიღებისთვის არასასურველნი აღმოჩნდნენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend