მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარიმაჰმუდ აჰმადინეჟადი ბაიდენს მიმართავს შანსი გამოიყენოს და ირანთან ურთიერთობა გამოასწოროს

მაჰმუდ აჰმადინეჟადი ბაიდენს მიმართავს შანსი გამოიყენოს და ირანთან ურთიერთობა გამოასწოროს

ამ კვირაში ირანი არჩევანს გააკეთებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თავად ირანისთვის, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით. გადაცემა „გლობალური საუბრის“ სტუმარი ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადია.

ანელიზ ბორჯესი: თქვენი ნებართვით, საუბარს იმით დავიწყებ, რომ გკითხავთ – რა რეაქცია გქონდათ, როდესაც კონსტიტუციის დამცველთა საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება აგიკრძალათ? თქვენი აზრით როგორ ახასიათებს არჩევნებისთვის კანდიდატების შერჩევის პროცესი ირანს?

მაჰმუდ აჰმადინეჟადი:

„პირველ რიგში ნება მომეცით მოგესალმოთ თქვენ და თქვენს კოლეგებს, ასევე ყველას ვინც უყურებს და უსმენს ამ პროგრამას ან წაიკითხავს ინტერვიუს. მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავმა ადამიანმა დაჟინებით  მოითხოვა, რომ ამჯერად არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა, კანდიდატი ვყოფილიყავი და მეც დავთანხმდი. მაგრამ მიზეზის მითითების გარეშე, სიიდან ამომიღეს. დღეს ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ხალხის ინტერესი გავითვალისწინო და არჩევნების იმ მექანიზმის რეფორმა მოვახდინო, რომელმაც მოსახლეობის უმრავლესობის აზრი არ გაითვალსიწინა.“

 
ანელიზ ბორჯესი: თქვენ უკვე იყავით პრეზიდენტი. რატომ გინდათ ისევ დაბრუნდეთ? რა სჭირდება თქვენს ქვეყანას ისეთი დღეს, რაც ყველაზე უკეთ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ?

[br]მაჰმუდ აჰმადინეჟადი:

„როგორც უკვე აღვნიშნე, ამჯერად ხალხმა მთხოვა კანდიდატი ვყოფილიყავი. მილიონობით ადამიანი მოვიდა ჩემს სახლთან ქვეყნის ყოველი კუთხიდან, წერილები და მესიჯები გამომიგზავნა,  დაჟინებით მთხოვდნენ, არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო. და ამ ხალხის სურვილის გამო, გადავწყვიტე საარჩევნო მარათონში ჩავრთულიყავი. მაგრამ ვთვლი, რომ ირანს, ისევე როგორც მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს, ფუდნამენტური რეფორმები სჭირდება – ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, სამხრეთ ამერიკას, ევროპას, აფრიკასა და აზიას. ყველა ქვეყანას სჭირდება ფუდნამენტური ცვლილებები, რომ ხალხის უფლებები აღასრულონ. ირანსაც, სხვების მსგავსად, სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები. და მე ყოველთვის ვეცდები ამ მიმართულებით ვიარო.“

ანელიზ ბორჯესი: შეგიძლიათ, ამ რეფორმის დეტალები გაგვიმხილოთ? მაინც რას გააკეთებთ, თუ აგირჩევენ?

მაჰმუდ აჰმადინეჟადი:

„სუვერენიტეტი ხალხს ეკუთვნის. არსი ის არის, რომ ხალხმა თავისუფლად შეძლოს საკუთარი ბედისა და ცხოვრების წესის განსაზღვრა. დღეს, იმის გამო, რომ ხალხი მოკლებულია უფლებებს, ვხედავთ საყოველთაო სიღარიბეს, უთანასწორობას, ძალმომრეობას,  ომსა და დავებს ერებს შორის. გამალებული შეიარაღება ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია. ჩემი აზრით, ეს უნდა შეიცვალოს. ყველა ადამიანი ღმერთმა შექმნა.  ჩვენ ერთი ღმერთი გვყავს და შეგვიძლია მას ყველა ენაზე ვესაუბროთ. ყველანი ერთი ოჯახიდან ვართ. ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ. ადამიანი მეგობრობისთვის, თანამშორმლობისა და სიყვარულისთვის შეიქმნა და არა მტრობის,  ბრძოლისა და სხვისი ქონების მიტაცებისთვის. ამჟამად მსოფლიო არ მისდევს ჰუმანურობის პრინციპებს და ვფიქრობ, რომ ის  ფუნდამენტურად უნდა შევცვალოთ.“

ანელიზ ბორჯესი: რას იტყოდით იმ ადმინისტრაციაზე, რომლის ვადაც ამოიწურა? როგორ გგონიათ, მართვის 8 წელიწადში რას მიაღწიეს?

მაჰმუდ აჰმადინეჟადი:

„ეს ხალხს უნდა ვკითხოთ. გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოების უმრავლესობა უკმაყოფილოა მთავრობის რვაწლიანი მმართველობის  შედეგებით.“

ანელიზ ბორჯესი: ისევ მოლაპარაკებების საგანია რუჰანის ადმინსიტრაციის ყველაზე დიდი მემკვიდრეობა: ვგულისხმობ „მოქმედების ერთობლივ ყოვლისმომცველ გეგმას“ ე.წ. ირანის ბირთვულ შეთანხმებას. როგორ გგონიათ, უნდა გაგრძელდეს თუ არა მოლაპარაკებები ბირთვულ შეთანხმებაზე?

მაჰმუდ აჰმადინეჟადი:

„დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედი ადმინისტრაცია ძალიან შორსაა საბოლოო შეთანხმებისგან. თუ ამ შეთანხმების ძველი ფორმატი შენარჩუნდება, ის ნამდვილად ჩავარდება. ნებისმიერ შეთანხმებაში, ვალდებულებებზე პასუხისმგებლობის ბალანსი ორივე მხარემ უნდა დაიცვას. ამას ვერ ვხდავთ ბირთვულ შეთანხმებაში. ამიტომაც ვერ გადავწყვიტეთ ჩვენი პრობლემები. ამან გაართულა მდგომარეობა და გამოსავლის გამონახვაც გაჭირდა. ბირთვულმა შეთანხმებამ უნდა დაიცვას საერთაშორისო კანონმდებლობა, სამართალი და ურთიერთპატივისცემის პრინციპი.“

ანელიზ ბორჯესი: თქვენ ურთიერთპატივისცემაზე, მშვიდობასა და პროგრესზე  საუბრობთ. სწორედ ეს იყო ამ შეთანხმების მიზანი.

მაჰმუდ აჰმადინეჟადი:

„ასე არ არის. ნება მომეცით მაგალითი მოვიყვანო. ყველა შეთანხმებაში არის თავი, რომელიც სადაო საკითხების მოგვარებას ეხება. მაგარმ ამ შემთხვევაში, ექვსი ქვეყანა ირანის სამშვიდობო ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ გამოდის. დასავლეთთან ირანის ბირთვული შეთანხმების ფარგლებში, სადაო საკითხები შვიდივე მონაწილე ქვეყნის საბჭომ უნდა მოაგვაროს. თითოეულ ქვეყანას თითო ხმა აქვს და თითოეულ საკითხის დამტკიცებას შვიდი ხმა სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ეს შეთანხმება ირანელი ხალხის ნებას ვერასოდეს ასახავს. ეს საერთაშორისო კანონსა და უფლებებს არღვევს. როდესაც ბალანსი დაცული არ არის, ვერც შეთანხმება იმუშავებს. ბატონმა ტრამპმა ცალმხრივად დატოვა შეთანხმება და დანარჩენმა ქვეყნებმა ვერც მისი შეჩერება შეძლეს და ვერც შეთანხმების გაგრძელება.“

ანელიზ ბორჯესი: როდესაც საქმე ამ მოლაპარაკებებს  ეხება, და იმას, რომ ამერიკა შეთანხმებას კვლავ შეუერთდეს,  ისეთი განცდა ხომ არა გაქვთ, რომ ევროკავშირმა ირანს უმტყუნა?

მაჰმუდ აჰმადინეჟადი:

„მოდი ასე ვთქვათ… ჩვენ გვაქვს სურვილი, მაგრამ არ ვიცით რამდენად შესაძლებელია მისი შესრულება. ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირი ამერიკის ჩრდილიდან გამოვიდეს. ევროპას შეუძლია, რომ ირანთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ეს ამერიკასაც შეუძლია. მჯერა, რომ თანამშრომლობა მთავარი პრინციპია. ბოლო ასი წლის მიდგომა აღარ გამოგვადგება: ვგულისხმობ, როდესაც ქვეყნების ერთი ნაწილი თავს მეორეზე მაღლა მიიჩნევს. ეს დრო დასრულდა. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ, როგორც თანასწორებმა, სამართლიანობისა და ურთიერთპატივისცემის გათვალისწინებით. არცერთმა ქვეყანამ არ უნდა დაარღვიოს მეორეს უფლება. ეს ყველა ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება.  შემიძლია გითხრათ, რომ მსოფლიო სწრაფად იცვლება. კოლონიალიზმმა უკანასკნელ საფეხურს მიაღწია. ის ტენდნეცია, როდესაც ქვეყნების ნაწილი თვლიდა, რომ სხვა ქვეყენებზე მაღლა დგას, დასასრულს უახლოვდება. ეს კაცთმოყვარეობის პრინციპს ეწინააღმდეგება. ჩვენ მეგობრობის, ურთიერთგაგებისა და თანაბარუფლებიანობისკენ უნდა ვიაროთ. მსოფლიო ერთად უნდა ვმართოთ. ერებს შორის თანასწრორბის დარღვევა იწვევს ომს, გამალებულ შეიარაღებას, სოციალურ უთანასწორობასა და მტრობას. ეს ერებს აშორებს. მე მჯერა, რომ ერთად უნდა ვიშრომოთ. უნდა ვიყოთ მეგობრები და გვქონდეს თანაბარი უფლებები. ყველანი ადამიანები ვართ. რატომ არის ხალხებს შორის წინააღმდეგობა? ჩვენ ყველასთან მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა გვსურს, როგორც ევროპასთან ისე ამერიკასთან. სამართლიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობა გვსურს. ზესახელმწიფოებმა ვერასოდეს შეძლეს, რომ ყველა ხალხისთვის კეთილდღეობა  დაემკვიდრებინათ.“

ანელიზ ბორჯესი: თქვენ  მსოფლიოს ერთად მართვასა და პრობლემების მშვიდობიან მოგვარებაზე საუბრობთ. ეს ადვილი არ არის. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რა სწრაფად იცვლება პოლიტიკის დინამიკა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამერიკას ახალი ადმინისტრაცია ჰყავს. როგორ გგონიათ, რამდენად არსებობს ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობის განახლების იმედი ახლა, როცა ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენია?

მაჰმუდ აჰმადინეჟადი:

„რასაკვირველია გზა არსებობს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთის უფლებებს ვაღიარებთ. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სამართალს და ერთმანეთსაც. ქვეყნებს შორის დაპირისპირება უსარგებლოა. ამით ხალხი აგებს. და მხოლოდ კაპიტალისტები იგებენ. ასე რომ დიახ, ეს შესაძლებელია. მაგრამ პრეზიდენტმა ბაიდენმა   უნდა დაგვანახოს, რომ ამერიკამ პოლიტიკა ნამდვილად შეცვალა. რამდენადაც ვიცი, ამერიკის პოლიტკას განსაზღვარვს ის ხალხი, ვინც სცენის მიღმა დგას და ამერიკის პრეზიდენტებს არა აქვთ იმდენი ძალაუფლება, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. იმედი მაქვს იქ ფუნდამენტური ცვლილებები ხდება. ჩვენ უნდა მივესალმოთ ამ ცვლილებებს და ვფიქრობ, რომ ყველა ქვეყანა უნდა მიესალმოს ფუნდამენტურ ცვლილებებს ამერიკის საგარეო პოლტიკაში. მახსოვს, როცა პრეზიდენტი ობამა კანდიდატი იყო, იგი რამდენჯერმე დაგვპირდა პოლიტიკის ცვლილებას და ქვეყნები მიესალმნენ ამას. მაგრამ სამწუხაროდ, მან არ შეასრულა დანაპირები და ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა. იმედი ამქვს, პრეზიდენტი ბაიდენი ამ შანსს გამოიყენებს. მე მჯერა, რომ ორივე ქვეყნის განათლებული ელიტები ეცდებიან ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვიტონ ეს პრობელმები.“

ანელიზ ბორჯესი: მთელი მსოფლიო დააკვირდება, როდესაც კვირის ბოლოს ხმებს დაითვლიან.  რა იქნება თქვენი სათქმელი დანარჩენი მსოფლიოსათვის, ირანის სამომავლო ამბიციების გათავლსიწინებით?

მაჰმუდ აჰმადინეჟადი:

„ჩემი აზრით, მათ ირანელი ხალხისკენ უნდა გაიხედონ. მათ პატივი უნდა სცენ სხვა ერების უფლებებს. ირანში არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს. ირანს აქვს ისტორია, კულტურა და ცივილიზაცია. ქვეყანა გადალახავს მის წინაშე არსებულ  პრობლემებს.

არავის უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ირანის დრობითი პრობლემებით ისარგებლებს და ირანს თავს მოახვევს რაიმე საკითხს ან მის უფლებებს შელახავს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს ირანელების შესაძლებლობები. მომავალში ერები ერთად იცხოვრებენ და ერთად გაუძღვებიან მსოფლიოს.“

ანელიზ ბორჯესი: ბოლო შეკითხვა მაქვს. თქვენ წახვალთ ხმის მისაცემად პარასკევს?

მაჰმუდ აჰმადინეჟადი:

„მე უკვე განვაცხადე, რომ არ მივიღებ მონაწილეობას ხმის მიცემაში, თუ კონსტიტუციის დამცველთა საბჭო არ შეცვლის გადაწყვეტილებას. არც მხარს დავუჭერ არავის.“

ავტორი: ანელიზ ბორჯესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend