მთავარიევროპაშვეიცარიაჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შედეგები

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შედეგები

ჟენევაში დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა.

თუმცა, როგორც ირკვევა, ერთადერთი მკაფიო გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, დედაქალაქებში ელჩების დაბრუნების საკითხია.

პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, კარგია, რომ შეხვედრა გაიმართა, ვლადიმერ პუტინის შეფასებით კი, დისკუსიები კონსტრუქციული იყო.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დატვირთული კვირის შემდეგ სახლში ბრუნდება, რომელიც დიდი შვიდეულის სამიტით დაიწყო და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრით დასრულდა. შეხვედრაზე, რომელსაც ყველა ასე  ელოდა, მხოლოდ ერთ საკითხზე შეთანხმდნენ – ელჩები დაბრუნდებიან დედაქალაქებში.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება, უკრაინისა და დაპატიმრებული ალექსეი ნავალნის საქმე, ფაქტობრივად, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

თუმცა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეხვედრა ამად ღირდა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, პირისპირ შეხვედროდა რუსეთის პრეზიდენტს და თავისი პოზიცია გამოეხატა.

მან განუცხადა ვლადიმერ პუტინს, რომ არ დაუშვებს, ვინმემ მათ დემოკრატიულ ერთობას საფრთხე შეუქმნას, ან ხელი შეუშალოს არჩევნების პროცესს.

ჯო ბაიდენის განცხადებით, უნდა არსებობდეს გარკვეული წესები, რომლებსაც ყველა უნდა იცავდეს.

პუტინმა კი ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო.

პუტინის განცხადებით, მტრული განწყობა არ იგრძნობოდა. შეხვედრა შედგა.

რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მათი პოზიციები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებულია.

თუმცა ორივე მხარეს აქვს სურვილი,გამონახონ გზები, რათა გაუგონ ერთმანეთს და კიდევ უფრო დაუახლოვონ პოზიციები. ვლადიმერ პუტინის შეფასებით, დისკუსიები საკმაოდ კონსტრუქციული იყო.

იყო განსხვავებული მოსაზრებები ადამიანთა უფლებების დარღვევის შესახებ. პუტინმა წაყენებულ ბრალდებებსაც უპასუხა. პუტინს არ სურს განმეორდეს იგივე, რაც  შეერთებულ შტატებში ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობას მოჰყვა.

ჯო ბაიდენის შეფასებით, ეს არასწორი შედარებაა.

4-საათიანი შეხვედრის შემდეგ ორივე ქვეყნის ლიდერმა აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს არ ყოფილა მუქარა და დაპირისპირება.

ჟენევის დატოვებისას კი პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს  მოსკოვი მომდევნო 3 თვის განმავლობაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend