ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა, დონალდ ტრამპი, ჯო ბაიდენი – ეს ამერიკის შეერთებული შტატების იმ პრეზიდენტთა ჩამონათვალია, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი რუსეთის ლიდერის რანგში შეხვედრია.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების შეხვედრის ფონზე, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან 95 ათასი რუსი ჯარისკაცია თავმოყრილი.
საქართველოში რუსი ოკუპანტები მოქალაქეებს საკუთარ სახელმწიფოში იტაცებენ და მცოცავი ოკუპაციით მოსახლეობის დემორალიზაციას ახდენენ.
ბელარუსში კი პოლიტიკური ნიშნით დევნილი მოქალაქეები სასამართლო პროცესზე საკუთარი ხელით ყელს იჭრიან.
ამ მოვლენათა ფონზე პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში, ბაიდენი პუტინის შეხვედრის შემდეგ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით დიდ ცვლილებებს არ ელოდნენ და ეს მოლოდინი გამართლდა.
მოლაპარაკებების მაგიდასთან ოფიციალური ვაშინგტონი, ბრიუსელთან ალიანსის გათვალისწინებით, ცდილობს მოსკოვთან სტრატეგიული სტაბილურობისთვის საერთო ენა გამონახოს, ვინაიდან ვაშინგტონისათვის პეკინის სახით საშიშროება ყოველდღიურად იზრდება.
სამხრეთ კავკასია და შავი ზღვის რეგიონი საერთაშორისო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ეპიცენტრია.
საქართველოს არ აქვს არჩევანი გარდა იმისა, რომ განაგრძოს საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტების დახვეწა, რათა ჩვენი სახელმწიფოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ხანგრძლივი პროცესი წარმატებით დასრულდეს.
საერთაშორისო ამბების მიმომხილველი ლეო სიხარულიძე