საქართველოს ნაკრებისა და „ტენერიფეს“ ცენტრი, გიორგი შერმადინი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატში, ესპანეთის “ლიგა ენდესაში” იანვრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
31 წლის კალათბურთელის კონკურენტები „რეალის“ ვალტერ ტავარეში და ხუვენტუდის ლოპეს-არსეტეგი იყვნენ.
„ტენერიფემ“ იანვარში 5 მატჩი გამართა და 3 მოიგო. გიორგი შერმადინი საშუალოდ 20.6 ქულას, 5.6 მოხსნასა და 3.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. გამოცდილი ცენტრი შესანიშნავი სიზუსტით ესროდა, 68.3 პროცენტით ორქულიანებს და 87.5 პროცენტით საჯარიმოებს.
გიორგი შერმადინი თვის საუკეთესო მოთამაშედ ოქტომბერში დაასახელეს. ქართველმა კალათბურთელმა 2020 წლის ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის წოდება დაიმსახურა, მას ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა „2020 წლის მეფის“ ტიტულიც მიანიჭა.
ესპანეთის ჩემპიონატში „ტენერიფე“ მესამე ადგილს იკავებს.