უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებისა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მყიფე მშვიდობის ფონზე სამხედრო განზომილება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს.
სამხედრო ბაზები რომის იმპერიის სტრატეგიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი გახლდათ და თანამედროვე იმპერიები ამ თვალსაზრისით დიდად განსხვავებულ პოლიტიკას არ აწარმოებენ.
მეზობელ სახელმწიფოებში ან გლობალური მასშტაბით სამხედრო ბაზების მშენებლობა და ოპერირება თანამედროვე სახელმწიფოს ერთერთი ატრიბუტია.
სამხედრო ბაზების ფლობით სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური ინტერესების სამხედრო რესურსით დაცვა.
დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის, მფლობელობაში მყოფ სამხედრო ბაზებზე, ეს სამხედრო ბაზები ყოფილი საბჭოთა იმპერიის ტერიტორიაზე არიან განაწილებულნი. განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენ სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე გიუმრის სამხედრო ბაზასა და ოჩამჩირეში არსებულ პორტზე გავაკეთებთ, რომლებსაც კრემლმა თვალი ჯერ კიდევ 2009 წელს დაადგა.
ბელარუსი – ბარანავიჩის რადარის სადგური, ვილეიკას საზღვაო საკომუნიკაციო ცენტრი და ბარანოვიჩის სამხედრო საჰაერო საწვრთნელი ბაზა
საქართველო – მეოთხე სამხედრო ბაზა ოკუპირებულ სამაჩაბლოსა და მეშვიდე სამხედრო ბაზა ოკუპირებულ აფხაზეთში
ყაზახეთი – სარი შაგანის ანტი ბალისტიკური სარაკეტო სატესტო ბაზა და ბაიკონურის კოსმოდრომი, რომელსაც მოსკოვი ქირაობს და სამოქალაქო ადმინისტრაციის მიერ იმართება.
მოლდოვა – კობაშნას ტყვია-წამლის საცავი და ეგრეთწოდებული სამშვიდობო ძალები დნესტრისპირეთში.
ყირგიზეთი – კანტის საჰაერო სამხედრო ბაზა, 338-ე საზღვაო საკომუნიკაციო ცენტრი და 954-ე საგამოცდო სამხედრო ბაზა.
სირია – ტარტუს სამხედრო პორტი, ხმეიმიმის, ტიასისა და შარათის სამხედრო საჰაერო ბაზები.
ტაჯიკეთი – 201-ე რუსული სამხედრო ბაზა.
უკრაინა – სევასტოპოლი სამხედრო საზღვაო ბაზა და 18 სხვა სამხედრო ბაზა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე.
აფრიკის ცენტრალური რესპუბლიკაში, ეგვიპტეში, მადაგასკარსა და მოზამბიკში სამხედრო ბაზების მშენებლობა მიმდინარეობს, სუდანში სამხედრო საზღვაო ბაზა შენდება, ერიტრეაში კი ლოგისტიკურ ცენტრზეა საუბარი.
მზარდი გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციის ფონზე კრემლი ცდილობს, რომ საზღვარგარეთ რუსული სამხედრო ბაზების რაოდენობა გაზარდოს, ეს გეგმები ძირითადად, აფრიკულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას გულისხმობს.
სომხეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმხრივი ურთიერთობების დეგრადაციის ფონზე საინტერესოა, თუ რა ბედი ელის გიუმრის 102 სამხედრო ბაზას, ვინაიდან ხელშეკრულების თანახმად ეს ბაზა კრემლს 2044 წლამდე უნდა ჰქონდეს მფლობელობაში. სამხედრო ბაზის ფუნქციონირებას სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტი უზრუნველყოფს და მის ტერიტორიაზე ბათუმისა და ახალქალაქის ყოფილი რუსული სამხედრო ბაზებიდან გადატანილო შეიარაღებაა თავმოყრილი. როგორც ხედავთ, ამ სამხედრო ბაზაზე საკმაო რაოდენობით არის შეიარაღება და ცოცხალი ძალა. გიუმრის სამხედრო ბაზა არ გახლავთ ერთადერთი რუსული სამხედრო ბაზა სომხეთის ტერიტორიაზე, ერებუნის სამხედრო აეროპორტი დედაქალაქ ერევნის ცენტრიდან 7 კილომეტრში მდებარეობს, ის 3624-ე რუსული ბაზის სახელითაა ცნობილი.
და ბოლოს, ჩვენ ვისაუბრებთ ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობის გეგმებთან დაკავშირებით. საქართველოსა და უკრაინის გეოპოლიტიკური ბედი ამ თვალსაზრისითაც დაკავშირებულია, ვინაიდან კრემლის ინტერესი ოჩამჩირის პორტით ანექსირებულ ყირიმში არსებული ვითარებით არის გამოწვეული, მოსკოვში შიშობენ, რომ შავი ზღვის რუსული ფლოტი სევასტოპოლის პორტთან შედარებით ოკუპირებულ აფხაზეთში უფრო უსაფრთხოდ იქნება.