გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბეთლემში ბევრია ისეთი ოჯახი, რომლის წევრები მართლმადიდებლებიც არიან და კათოლიკეებიც. და წელს, რადგან კათოლიკური და მართლმადიდებლური დღესასწაულის თარიღები ემთხვევა, აღდგომასაც, განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნავენ. სოფელი დიდია და ერთიანი. ახლა ბეთლემს, აღდგომის სიხარულიც აერთიანებს.
გორის მუნიციპალიტეტში, ქართლში, ქართველი კათოლიკეები მესხეთიდან საუკუნის წინ, 1907 წელს, ჩამოსახლდნენ. თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმე ოჯახი იყო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დღეს სოფელში მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა. საქართველოში მათ ადრე „ფრანგებს“ უწოდებდნენ, საქართველოში ჩამოსული პირველი ფრანგი მისიონერების გამო. ქართლში კი, ქართველმა კათოლიკეებმა განსხვავებული რელიგიური ტრადიციები ჩაიტანეს.
„აქ გვაქვს განსხვავებული ქადები, ფრანგულ ქადებს უწოდებენ. ეს ქადა ყველა ოჯახში უნდა გამოცხვეს. აღდგომას ყოველთვის ასეა, კათოლიციზმი ადრე საფრანგეთთან ასოცირდებოდა და ფრანგებსაც ამიტომ გვეძახდნენ“, – ამბობს სოფელ ბეთლემის მცხოვრები ნონა დათაშვილი.
სოფელ ახალხიზისთვის სახელწოდების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წელს მიიღო. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, დასახლება ბეთლემის სახელწოდებით ბოლოს დაახლოებით ერთი საუკუნისწინანდელ ჩანაწერებში გვხდება. ბეთლემში ამჟამად 130-მდე ოჯახი ცხოვრობს, მოსახლეთა რაოდენობა დაახლოებით 400-ია. სოფელი შიდა ქართლის ვაკეზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 630 მეტრზეა გაშენებული.
ქართლში გადმოსახლებული კათოლიკეების შთამომავლები ამბობენ, რომ მიწა, რომელზეც აქ დასახლდნენ, შალიკაშვილებს ეკუთვნოდათ და ბანკში იყო დაგირავებული. ეს მიწა პადრე დომენიკე მუღაშაშვილმა გამოისყიდა და სწორედ მისი დამსახურებით შეიქმნა სოფელი ახალხიზა, რომელსაც ახლა სოფელი ბეთლემი ეწოდება. აქ ბევრია ისეთი ოჯახი, რომლის წევრები მართლმადიდებლებიც არიან და კათოლიკეებიც. და წელს, რადგან კათოლიკური და მართლმადიდებლური დღესასწაულის თარიღები ემთხვევა, აღდგომასაც განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნავენ.
„მე მაქვს შერეული ოჯახი, მეუღლე მართლმადიდებელია, მაგრამ ეს ჩვენთვის ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას. წელს დაემთხვა და ერთ დღეს აღვნიშნავთ. რა თქმა უნდა, ეს სასიხარულოა“, – თქვა სოფელ ბეთლემის მკვიდრმა ნონა დათაშვილმა.
სოფელ ბეთლემში მოსახლეობა ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადება. ახალ კათოლიკურ ეკლესიას ახლა აწყობენ. ძველი სალოცავი, რომელიც მესხეთიდან ჩამოსულმა ხიზაბავრელებმა ააშენეს, საბჭოთა კავშირის დროს განადგურდა. სწორედ ახალ ეკლესიაში შეიკრიბებიან ქართველი კათოლიკეები აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნად. როგორც სოფელ ბეთლემის მკვიდრი ანა ჭონიშვილი ამბობს, აღდგომის შემდეგ სააღდგომო ტრაპეზზე ყველა ერთად იკრიბება და ერთად აღნიშნავენ აღდგომას. სოფელი დიდია… და ერთიანი. ახლა ბეთლემს აღდგომის სიხარულიც აერთიანებს.