მთავარისაქართველო„საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, რომელიც არასდროს ჰქონია" - მამუკა მდინარაძე

„საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, რომელიც არასდროს ჰქონია” – მამუკა მდინარაძე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობის პარალელურად „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენცია გამართა.

მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, რომელიც არასდროს ჰქონია.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით საუბრისას მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მისი გუნდი ამაყობს, რადგან უარი თქვა „გარედან თავსმოხვეულ მითითებებსა და სხვისი კარნახით ქვეყნის მართვაზე“.

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანახმად, ეს ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი სწორი გზაა. მდინარაძის თქმით, 34 წლის წინ, ამ დღეს საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი სახელმწიფოს „ყოველგვარი საგარეო მითითებების გარეშე“ შენებას დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ მისი პარტია ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე ხელს არასოდეს აიღებს.

„დღევანდელი თარიღი და 34 წლის წინ გამართული რეფერენდუმის შედეგები არის თითოეული ქართველისა და განსაკუთრებით ჩვენი პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობა. თამამად და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, რომელიც არასდროს ჰქონია.

ვამაყობთ ამით, რომ მტკიცე უარი ვთქვით გარედან თავსმოხვეულ მითითებებზე, სხვისი კარნახით ქვეყნის მართვაზე და მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის, კულტურის, იდენტობის, დემოგრაფიის, მამულის, ენისა და სარწმუნოების გადარჩენის ერთადერთი სწორი გზა. პირობას ვაძლევთ ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, ვერანაირი ზეწოლა და გარედან წამოსული მითითებები თუ უსაფუძვლო კრიტიკა ან სადამსჯელო მექანიზმები ვერ აგვაღებინებს ხელს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასა და განმტკიცებაზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend