27 აპრილს, პაპის დაკრძალვიდან ერთი დღის შემდეგ, მისთვის პატივის მისაგებად სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში კარდინალები მივიდნენ.
პაპი ფრანცისკეს დაკრძალვისთვის ვატიკანში ჩასული კარდინალები კონკლავის დაწყებამდეც რეგულარულად იკრიბებიან.
ჯერ უცნობია, როდის აირჩევენ ახალ პაპს, თუმცა წესით, კონკლავი პაპის გარდაცვალებიდან 15-20 დღის შემდეგ იწყება – შესაბამისად, კარდინალები სიქსტეს კაპელაში დაახლოებით ათი მაისისთვის შეიკრიბებიან, დადებენ ფიცს, რომ არჩევნების მკაცრ წესებს დაიცავენ და რომის 267-ე პაპს კენჭს იქამდე უყრიან, ვიდრე რომელიმე კანდიდატი ხმათა ორ მესამედს არ მიიღებს.
და როცა ასე მოხდება, თეთრი კვამლი მსოფლიოს ახალი პაპის არჩევის შესახებ ამცნობს.
28 აპრილს პაპის გარდაცვალების შემდეგ კარდინალთა კოლეგის უკვე მეხუთე კრება იმართება. კოლეგიის წევრები ახალი პაპის არჩევამდე არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობენ და კონკლავისთვის ემზადებიან.
პაპი ფრანცისკე 26 აპრილს სანტა-მარია-მეჯორეს ტაძარში დაკრძალეს. მის საფლავზე დატანილი არ არის არც ორნამენტები და არც მისი ტიტული. ქვაზე, მისივე ანდერძის მიხედვით, ერთადერთ სიტყვა – „ფრანცისკე“ წერია.
რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურად 12-წლიანი მსახურების შემდეგ პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე თვის წინ დამძიმდა. 14 თებერვალს პაპი ორმაგი პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც შინ 29 მარტს დაბრუნდა.
პაპი საზოგადოებამ ბოლოს 20 მარტს იხილა, როცა იგი წმინდა პეტრე მოედანზე შეკრებილებს უკანასკნელად მიესალმა და მათ აღდგომის დღესასწაული მიულოცა.