იემენელი ჰუსიტები აცხადებენ, რომ დედაქალაქ სანაზე შეერთებული შტატების იერიშს რვა ადამიანი ემსხვერპლა. მათ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ბანუ ალ-ჰარითის რაიონზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგები.
იემენზე შეერთებული შტატების მიერ თითქმის ერთი თვის წინ დაწყებული ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობის განსაზღვრა რთულია, რადგან თავდასხმებთან დაკავშირებით ძალიან მწირი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის, თუ რა იყო სამიზნე ან რამდენი ადამიანი დაიღუპა.
ამავდროულად, ჰუსიტები მკაცრად აკონტროლებენ და არ აზიარებენ სრულ ინფორმაციას თავდასხმების ადგილების შესახებ, რომელთა უმეტესობა სამხედრო და უსაფრთხოების ობიექტია. თუმცა პერიოდულად ვრცელდება ცნობები მაღალი რანგის ჰუსიტების დაკრძალვის შესახებ.
ავიაიერიშები, რომლებიც 15 მარტს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით დაიწყო, კვლავ გაგრძელდება. შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში დახოცეს ჰუსიტების ასობით მებრძოლი და მრავალი სამხედრო მეთაური, რომლებიც ჩართული იყვნენ დრონებისა და სარაკეტო პროგრამებში.
ამერიკელი სამხედროების ინფორმაციით, ოპერაციის დაწყებიდან მათ 800-ზე მეტი ავიაიერიში მიიტანეს. შეერთებულმა შტატებმა თავდასხმები ჰუსიტების მიერ სავაჭრო გემებსა და ისრაელზე იერიშების გამო განაახლა.