მთავარიევროპაუკრაინა„სიმბოლური შეხვედრა, რომელიც შესაძლოა ისტორიული გახდეს”

„სიმბოლური შეხვედრა, რომელიც შესაძლოა ისტორიული გახდეს”

„სიმბოლური შეხვედრა, რომელიც შესაძლოა ისტორიული გახდეს“, – ასე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრა, რომელიც 26 აპრილს ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე შედგა.

ეს პირველი პირისპირ შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის ლიდერებმა თებერვლის ბოლოს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში იკამათეს.

როგორც ჩანს ამ დისკუსიამ დონალდ ტრამპზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და ეს მის შეცვლილ რიტორიკაშიც გამოჩნდა.

მალევე სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ რუსეთს შესაძლოა ომის დასრულება არ სურდეს.

ისაუბრა ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე.

მოგვიანებით, უკვე ნიუ-ჯერსიში მედიასთანაც ისაუბრა და თქვა, რომ ძალიანა იმედგაცრუებულია რუსეთის გამო.

„ზელენსკიმ მითხრა, რომ მეტი იარაღი სჭირდებოდა, მაგრამ უკვე სამი წელია ამას ამბობს. მას მეტი იარაღი სჭირდება და ვნახოთ რა იქნება. მინდა ვნახო, რა მოხდება რუსეთთან მიმართებით, რადგან გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ მათ დისკუსიების შემდეგ უკრაინა დაბომბეს“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპმა ისაუბრა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზეც.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მზად იყო თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის დასათმობად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

„მოკლედ რომ ითქვას, ყირიმი გააჩუქეს ბარაკ „ჰუსეინ“ ობამამ და ბაიდენმა. ეს მოხდა 11 ან 12 წლის წინ, დიდი ხნის წინ იყო. არ ვიცი, როგორ შემიძლია ყირიმის თემა წინ წამოვწიო, რადგან ეს დიდი ხნის წინ იყო. 12 წელია არავის უხსენებია და ახლა საუბრობენ. ამრიგად, მე ვუთხარი: იქნებ წახვიდე და ჰკითხო ობამას, რატომ დათმეს ყირიმი. სხვათა შორის, ტყვიის გასროლის გარეშე დათმეს. შესაბამისად, ნუ მელაპარაკებით ყირიმზე, ამაზე ელაპარაკეთ ობამასა და ბაიდენს. დაიმახსოვრეთ, ეს ბაიდენის ომია, ტრამპის არა. მე უბრალოდ მოვედი და ვცდილობ პრობლემის გადაჭრას და პრობლემა ისაა, რომ ადამიანები იხოცებიან“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

როგორც ვაშინგტონში ამბობენ, თეთრი სახლი დიდხანს არ აპირებს შუამავლის როლი ითამაშოს კიევსა და მოსკოვს შორის. თუ შეთანხმება ვერ შედგა, შტატები პროცესის დატოვებას გეგმავს.

თუმცა ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება მიმდინარე კვირაში.

„ყოველთვის მიმაჩნია, რომ სისულელეა კონკრეტული ვადის დაწესება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ამ 100 დღის განმავლობაში პრეზიდენტმა დიდი დრო და ენერგია დაუთმო უკრაინის საკითხს. ვფიქრობთ, რომ მხარეები დავაახლოვეთ იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე ყოფილა, მაგრამ მუშაობა ჯერ არ დაგვისრულებია. ვფიქრობ, ეს ძალიან კრიტიკული კვირა იქნება, ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა გადავწყვიტოთ, არის თუ არა ეს პროცესი, რომელშიც მონაწილეობის გაგრძელება გვინდა ან თუ დროა გავამახვილოთ ყურადღება სხვა საკითხებზე, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. გვაქვს ოპტიმიზმის მიზეზები. შეთანხმებასთან ახლოს ვართ, მაგრამ საკმარისად ახლოს არა“, – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის პარალელურად, ვაშინგტონში მინერალების თაობაზე შეხვედრებს მარტავდა უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი: „მინერალების შეთანხმება უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებას არ მოიცავს“

მოგვიანებით მან თქვა, რომ ვაშინგტონმა უკვე იცის კიევის წითელი ხაზები.

ჯერ კვლავ უცნობია, როდის მოაწერენ ხელს ვაშინგტონი და კიევი ამ შეთანხმებას, რომელიც როგორც აღმოჩნდა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევას არ ითვალისწინებს.

თუმცა ამ შეთანხმებაზე, როგორც ტრამპი ამბობს, ბევრი რამაა დამოკიდებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend