უკვე სამი დღეა, ინდოეთისა და პაკისტანის საზღვართან შეტაკებებია. მსხვერპლის თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა სამხედრო მოქმედებები მზარდ ესკალაციაზე მიუთითებს. მხარეები ერთმანეთს პროვოკაციებში ადანაშაულებენ.
ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც გასულ კვირას ქაშმირის რეგიონში შეიარაღებულმა პირმა 26 ადამიანი, ძირითადად ინდოელები, დახოცა.
ინდოეთი ინციდენტს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს და პაკისტანს ადანაშაულებს, რომელიც, თავის მხრივ, უარყოფს მომხდართან რაიმე კავშირს.
ამასთან, საერთაშორისო მედია წერს, რომ ინდოეთს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მომხდარში პაკისტანის სახელმწიფოა დამნაშავე.
მიუხედავად ამისა, ქვეყნებს შორის ესკალაცია მზარდია. როგორც ინდოეთის მიერ მართული ქაშმირის რეგიონის სამხრეთ ნაწილის მცხოვრებნი და ადგილობრივი პოლიცია აცხადებენ, ინდოელმა სამხედროებმა ორი მებრძოლის საცხოვრებელი სახლი გადაწვეს. ისინი გასულ კვირას მომხდარ თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილი.
ექსპერტები ამბობენ, რომ ინდოეთისგან ხისტი, შესაძლო სამხედრო მოქმედებებია მოსალოდნელი. მათი თქმით, ინდოეთმა მოდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უსაფრთხოების უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა.
ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ გლობალური ქაოსის ფონზე, ორმა სახელმწიფომ შესაძლოა საომარი მოქმედებები დაიწყოს, რაც მათივე აზრით, ძალიან რთულად შესაჩერებელი იქნება.