14 იანვარს თბილისს სამდღიანი ვიზიტით ეწვევიან საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში წერია, რომ ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე.
PACE monitoring co-rapporteurs Claude Kern and @editeestrela are to visit Georgia from 14 to 16 January.
More:https://t.co/8X9BcLait7 pic.twitter.com/5WhKGbPs8p
— PACE (@PACE_News) January 10, 2025
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ვიზიტის ფარგლებში თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას.
„ეს არის რიგითი სამონიტორინგო ვიზიტი და ის არ უნდა განიხილებოდეს როგორც შეხვედრის მხარეების ლეგიტიმურობის, ან მათი შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა“, – წერია განცხადებაში.
ამავე ტექსტში ვკითხულობთ, რომ თანამომხსენებლები აპირებენ, მოინახულონ რამდენიმე დაკავებული დემონსტრანტი, რომელთა მიმართ წაყენებული ბრალდებითა და დაკავებით შეშფოთებულები არიან.