მთავარიამერიკააშშილონ მასკი - მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და დონალდ ტრამპის დიდი მხარდამჭერი

ილონ მასკი – მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და დონალდ ტრამპის დიდი მხარდამჭერი

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემდეგ მისი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მხარდამჭერი გახდა. ილონ მასკი სულ უფრო ინტერესდება ევროპული პოლიტიკითაც.

Forbes-ის მონაცემებით, მასკი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია, ამჟამად 421 მილიარდი დოლარით. თუმცა, გზა წარმატებულ ბიზნესამდე და მოგვიანებით ბიზნესიდან პოლიტიკამდე დაბრკოლებებით იყო სავსე.

მასკი 1971 წელს სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ პრეტორიაში, დაიბადა. ბიზნესში პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში გადადგა, როდესაც ვიდეოთამაშის კოდი დაწერა და 500 დოლარად გაყიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად კანადაში გადავიდა, მოგვიანებით კი აშშ-ში, სადაც პენსილვანიის უნივერსიტეტში ფიზიკისა და ეკონომიკის ხარისხი მოიპოვა.

სწავლობდა სტენფორდშიც, სადოქტორო პროგრამაზე, თუმცა სწავლის დაწყებიდან სულ რაღაც ორი დღის შემდეგ უნივერსიტეტი დატოვა და მუშაობას შეუდგა.

პირველი კომპანია ZIP2 ძმასთან ერთად დააარსა 1995 წელს. ამ დროს ილონ მასკი გრაფიკული რუკების კოდებს თავად წერდა და კომპანიის ოფისში ცხოვრობდა, თუმცა 4 წლის შემდეგ კომპანია COMPAQ-მა ილონ მასკის ZIP2 300 მილიონ დოლარად შეიძინა.

ამ თანხით სამხრეთ აფრიკელმა ბიზნესმენმა ელექტრონული ფოსტით გადახდის სერვისი X შექმნა, რომელიც მოგვიანებით პიტერ ტიელის მიერ დაარსებულ სტარტაპს შეუერთდა და Paypal-ად იქცა. 2002 წელს paypal eBay-მ შეიძინა, თავად მასკს კი წილად 165 მილიონი დოლარი ერგო.

ამ თანხის უდიდესი ნაწილი SPACEX-ის დაარსებას მოხმარდა. 2004 წელს მასკმა ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანია TESLA-ში ინვესტიციის ჩადება გადაწყვიტა. მონაწილეობა მიიღო პირველი, სრულად ელექტრონული მანქანის შექმნაშიც და 2006 წელს კომპანიის თავმჯდომარე გახდა.

2015 წელს დააარსა არაკომერციული კვლევითი კომპანია OPENAI, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ემსახურებოდა. მოგვიანებით სწორედ ამ კომპანიამ შექმნა chatgpt, რომელსაც დღეს მსოფლიოს გარშემო ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იყენებს. 2 წლის შემდეგ დაარსდა ნეიროტექნოლოგიური კომპანია „ნიურალინკიც”.

მასკი აქ არ შეჩერებულა. 2022 წელს ილონ მასკმა სოციალური მედიის პლატფორმა „ტვიტერი” 44 მილიარდ დოლარად შეიძინა, სახელად X დაარქვა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის პირობა დადო. თუმცა კრიტიკოსების თქმით, ილონ მასკი პლატფორმის მოდერაციისა და ალგორითმულ სისტემას საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გასავრცელებლად იყენებს. მისი პოზიციები დიდწილად მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ ძალებთან მოდის თანხვედრაში.

2024 წლის სექტემბერში, როდესაც დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ილონ მასკს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ მასკის ქონება 50 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დეინა უაითი, კიდ როკი და ილონ მასკი UFC 309-ზე ფოტოს გადასაღებად პოზირებენ, ნიუ-იორკი, აშშ, 16 ნოემბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Evan Vucci

მას შემდეგ სამხრეთ აფრიკელი ბიზნესმენის პოლიტიკური ინტერესები აშშ-ს ფარგლებსაც გასცდა და ხშირად ბრიტანელ და გერმანელ პოლიტიკოსებსაც აკრიტიკებს. ის მხარს უჭერს გერმანიაში რიგით მეორე ყველაზე დიდ ოპოზიციურ მემარჯვენე ძალას, „ალტერნატივა გერმანიისთვის“.

გაცხადებული პოზიციის გამო გერმანიის მთავრობა მასკს ქვეყნის მომავალ არჩევნებში „ჩარევის“ მცდელობაში ადანაშაულებს, თუმცა თავად ბიზნესმენი თვლის, რომ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს.

ამ დროისთვის ბუნდოვანია, თუ როგორ გაგრძელდება მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანისა და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის თანამშრომლობა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ და ის, თუ რამდენად შეძლებს მასკი, გავლენა იქონიოს ევროპული არჩევნების შედეგებზე…

ანალიტიკოსების თქმით, ილონ მასკის პოზიცია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტში დიდწილად ფორმალური იქნება. თუმცა აშკარაა, რომ დღეს სამხრეთ აფრიკელი ილონ მასკი ამერიკული პოლიტიკის ერთ-ერთი გამორჩეულ ფიგურად რჩება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend